26 აგვისტო 2019,   12:21
ვრცლად
"ოცნებამ" პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო - ”გამარჯვებული საქართველოში“ ოქრუაშვილის დაცვის წევრის დაკავებას ეხმაურებიან

„ბიძინა ივანიშვილმა გადალახა ყველა წითელი ხაზი და დღეს პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო“ – ასე ეხმაურებიან  ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის დაკავებას პოლიტიკურ მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოში“.

მოძრაობის დამფუძნებელი, კოტე კემულარიას თქმით, კობა კოშაძეს იარაღი არასდროს ჰქონია და მის მიმართ წაყენებულ ბრალდება სიცრუეა. 

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვას, კობა კოშაძეს სამართალდამცველები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

„დღეს, რამდენიმე საათის წინ დააკავეს პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” აქტიური წევრი, ირაკლი ოქრუაშვილი დაცვის თანამშრომელი, კობა კოშაძე და მას საბჭოთა ნაცადი ხერხით უპოვეს თურმე იარაღი, რომელიც არასოდეს არ უტარებია და არასოდეს, მისმა მთელმა გარემოცვამ იცის და ყველამ ვიცით, რომ კობას არასოდეს იარაღი არ უტარებია. დღეს, ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე აიღო გახარიას და ყველა იმ პირის, იმ სადისტების, ვინც თვალები დათხარეს პატარა გოგოებს, ჟურნალისტები დაასახიჩრეს, ექვსამდე ადამიანმა თვალი დაკარგა, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე აიღო და გმირებად გამოაცხადა ეს ხალხი“ - აცხადებს კოტე კემულარია.

კოტე კემულარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამბობს, რომ პოლიტიკური რეპრესიები, ძველი ნაცადი მეთოდებით, რომელსაც ახლა მას მოსკოვიდან კარნახობენ, არ უშველის.

„თუ დროზე არ გაუშვებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ანტისაოკუპაციო მიტინგებში მონაწილეობდა, კობა კოშაძეს, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა, ეს დააჩქარებს თქვენს პოლიტიკურ დასასრულს და თქვენც სამართლებრივად აგებთ ყველა ამ მოქმედებაზე ძალიან მკაცრად პასუხს საქართველოს მოსახლეობის წინაშე“ - განაცხადა კოტე კემულარიამ.

 

დღის ამბები