26 აგვისტო 2019,   12:23
ვრცლად
"არის საშიშროება, რომ ხელისუფლებამ არასწორად მოახდინოს ინტერპრეტირება ამ გადაწყვეტილების," - თამარ კინწურაშვილი

ხელისფულების მხრიდან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაძლო ინტერპრეტაციაზე ამახვილებენ ყურადღებას მედიაექსპერტები. ისინი იმედოვნებენ, რომ ევროსასამართლო დემოკრატიული სტანდარტებისთვის შესაფერის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი, რომ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს "რუსთავი 2"-ის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. ჩვენი ხელისუფლება შეიძლება შეეცადოს ინტერპრეტაცია გააკეთოს ამ ყველაფრის, დააბრუნოს სასამართლოში და შეეცადოს ამ პერიოდში შეცვალოს მფლობელი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის შეეცდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თავისებურად ინტერპრეტაციას, ამას რაც მოჰყვება მგონი ყველა კარგად ვხვდებით, დავიცავთ ყველა ძალით "რუსთავი 2"-ს,"-აცხადებს ტელეკომპანია ”კავკასიას” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი. 

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან არსებობს. კინწურაშვილი არასწორი ინტერპრეტირების შესაძლებლობაზე საუბრობს. 

"არის საშიშროება, რომ ხელისუფლებამ არასწორად მოახდინოს ინტერპრეტირება ამ გადაწყვეტილების, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადობის, იმ ადამიანების მობილიზება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პლურალისტული გარემოს შენარჩუნება ქვეყანაში,"-აცხადებს, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი,
თამარ კინწურაშვილი.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე კი აცხადებს, რომ ახლა ყველა უნდა დაელოდოს სტრასბურგის გადაწყვეტილება, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების შემდეგ არავის არ ჰქონდეს შესაძლებლობა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სცადოს.

"ერთი მთავარი, რაც შემიძლია ვთქვა, არის რომ ნებისმიერ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ არავის არ ექნება მცდელობა შეცვალოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა და პოლიტიკა, ეს არის თავად "რუსთავი 2"-ის გადაწყვეტილება და ვინმეს მხრიდან რაიმე ფორმით ჩარევა, ან მცდელობა სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებისა, ეს უარყოფითად იმოქმედებს მედიის მდგომარეობაზე ქვეყანაში,"-აცხადებს სულხან სალაძე. 

დღის ამბები