26 აგვისტო 2019,   12:27
ვრცლად
ის ხალხი წავა უზენაეს სასამართლოში, ვისაც უკვე აქვთ კონკრეტული გარიგება - ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრები დაიწყო. საბჭოს წარმომადგენლების განცხადებით, გასაუბრება დღეში სამ კანდიდატთან მოხდება. დღეს შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს და გიორგი გოგიაშვილს მოუსმენენ.

საბჭოს არამოსამართლე წევრები აღნიშნულ პროცესს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ გასაუბრებას ფორმალურ ხასიათს ატარებს.  

„ჩანს აშკარად, რომ აი, ის კითხვები, რომლებსაც ისინი სვამენ, არის სრულად ფორმალური ხასიათის და საერთოდ არაფერი აქვს საერთო იმასთან, რომ გამოარკვიონ, გაიგონ მეტი იმ კანდიდატის შესახებ, რომელიც მოდის გასაუბრებაზე. ცხადია, რომ ისინი სადღაც უკვე შეთანხმებულები არიან და ის ხალხი წავა უზენაეს სასამართლოში ვისაც უკვე აქვთ კონკრეტული გარიგება. ეს ჩანს გასაუბრების პროცესიდანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვები იქნებოდა მეტი მათი მხრიდან,“- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძემ პროცესის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ჯანეზაშვილი კანდიდატებს პროვოკაციული ხასიათის კითხვებს უსვამს.

„თავს იწონებს ნაზი ჯანეზაშვილი, რომ თურმე 65 შეკითხვა დაუსვამს და ამ შეკითხვების უდიდესი ნაწილი იყო პროვოკაციული და არაელევანტური, მაგრამ მათ სჭირდებათ, კიდევ ვამბობ, პროცესის ჩიხში შესაყვანად და პროცესის ჩასაშლელად. დღეში გავესაუბრებით არა ხუთს და მეტს, არამედ სამ კანდიდატს. არ მივცემთ შესაძლებლობას ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს, რომ პროცესი შეიყვანოს ჩიხში,“- განაცხადა გვრიტიშვილმა.

უზენასესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცესი გუშინ დაიწყო. საბჭომ 50 კანდიდატიდან 20 ფარული კენჭისყრის მეშვეობით უნდა შეარჩიოს და პარლამენტის წარუდგინოს.

დღის ამბები