26 აგვისტო 2019,   12:23
ვრცლად
პროტესტის ნიშნად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იუსტიციის საბჭოს ორმა წევრმა დატოვა

პროტესტის ნიშნად, იუსტიციის საბჭოს ორმა წევრმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დატოვა.

არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გასაუბრების გადადებას ითხოვდნენ, რაზეც კოლეგები არ დასთანხმდნენ.

პროცესი დილის 09:00 საათზე დაიწყო, ამიტომ მისი გვიანობამდე გაგრძელება, არამოსამართლე წევრების თქმით, ნორმალურ სამუშაო პირობებს არ ქმნის.

მათი ვარაუდით, საბჭო კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისთვის წარდგენას ჩქარობს. ამ თემის განხილვას სხდომაზე დღეს კამათიც მოჰყვა.

„არ არის გასაკვირი ჩემთვის ის, რომ ჩინჩალაძის-მურუსიძის და ამ კლანის შესახებ შეკითხვები მათ განსაკუთრებით აღიზიანებთ. ჩვენ ვთხოვეთ, რომ გასაუბრება გადადებულიყო, ვინაიდან გვაქვს დრო, რომ გავაგრძელოთ გასაუბრება ჩვეულებრივად სამუშაო საათებში, ნორმალურ რეჟიმში და 7 საათზე, რომ გასაუბრებას დაიწყებ და ღამის 12 საათზე დაასრულებ, ეს არის ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება მთლიანად ამ პროცესისადმი და ეს ხალხი თავისი შეკითხვებით, დამოკიდებულებით ამჟღავნებენ ამას,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

სხდომის თავმჯდომარემ არამოსამართლე წევრებს უაზრო კითხვების დასმის გამო უსაყვედურა.

დღეს მოსამართლეობის სამ კანდიდატს გაესაუბრნენ. განსაკუთრებით დიდხანს, ექვს საათზე მეტს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის მოსმენა გაგრძელდა.

დღის ამბები