16 ოქტომბერი 2019,   07:46
ვრცლად
შეიძლება ითქვას, ეს ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ექსპერტები ბენზინის ფასზე საუბრობენ

ადგილობრივ ბაზარზე, მიმდინარე ეტაპზე, ფასები იმდენად მაღალია, რომ შეიძლება ითქვას, ეს ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ასე აფასებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ბენზინის ფასის რეკორდულ ზრდას.

ვანო მთვრალიშვილის განცხადებით, მთლიანობაში ნავთობპროდუქტები 6-12 თეთრით არის გაძვირებული. ფასების ზრდასთან დაკავშირებით ექსპერტებს პოზიტიური მოლოდინები არ აქვს, მიზეზად კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ასახელებენ.

„დღეს ლარი გაუფასურებულია დოლართან მიმართებით და ეს გაუფასურება ისტორიულად რეკორდულად მაღალ მაჩვენებლზე არის. ეს ერთი უმთავრესი ფაქტორი ფასების ზრდის.  მაღალი ფასი ეს არის პირდაპირ დაკავშირებული გაყიდვების შემცირებასთან. რა თქმა უნდა, კომპანიებიც, მიმდინარე ეტაპზე, თავისი განვითარების მხრივ, არიან არასტაბილურ გარემოში და ვითარებაში. რიგ შემთხვევაში, ისინი ზარალზეც გადიან. მაგრამ საუბარი იმაზე, რომ გარკვეულ დიდ მოგებებზე აქვთ საუბარი, ეს აბსოლუტურად არასწორი თემაა და არ არის მართალი,“ - განაცხადა ვანო მთვრალიშვილმა.

ექსპერტები ბენზინის ფასის ზრდის პარალელურად ფასების მატებას სხვა პროდუქტებზეც ელოდებიან.

ეკონომიკური ექსპერტის, ნიკა შენგელაიას განცხადებით, ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის გარეშე შესაძლოა მოსახლეობას პურის ფასი გაეზარდოს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თუ მთავრობა და ეროვნული ბანკი ვერ მოახერხებს ლარის კურსის კორექციას, ცოტა სტაბილიზაციას, ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ ფასებს. ანუ დაახლოებით, თუ ეს კურსი შენარჩუნდება აგვისტოშიც, ჩვენ მივიღებთ უკვე მეორე ტალღას და ფასები პროდუქტებზე მინიმუმ 8-10 %-ით იქნება გაზრდილი. ამ ეტაპზე იჭერენ პურის ფასს, მაგრამ უახლოეს მომავალში, როდესაც ყაზახური ხორბლით იცვლება ჩვენი ბეღელები, სავარაუდოდ, ამ კურსის შემთხვევაში, სადღაც აგვისტოს მეორე ნახევრიდან ასევე ცოტათი ველოდებით პურის ფასის ზრდასაც,“ - განაცხადა ნიკა შენგელაიამ.

ლარის გაუფასურება ჯანდაცვის სფეროზეც აისახება და მოსახლეობას მედიკამენტების შეძენა გაძვირებული ფასებით მოუწევს. ექსპერტები მძიმე ეკონომიკურ შემოდგომაზე საუბრობენ და ფასების კიდევ უფრო ზრდას აანონსებენ.

„ზოგადად მსგავსი ტიპის დევალვაცია მყარ შედეგს გაძვირების თვალსაზრისით იძლევა რამდენიმე თვეში განსაკუთრებულად გამოხატულს. ამიტომ, სამწუხაროდ,  მე ვპროგნოზირებ, რომ მედიკამენტების ფასებთან მიმართებით, განსაკუთრებულად მძიმე იქნება სექტემბერი-ოქტომბერი და შემოდგომა გვექნება ძალიან მძიმე ეკონომიკური თვალსაზრისით. ფაქტორების კომბინაცია სამწუხაროდ, არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ფასები ან დასტაბილურდება, ან შემცირდება. უახლოეს დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ფასები და სექტემბერი  - ოქტომბერი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქნება განსაკუთრებულად მძიმე,“ - განაცხადა ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტმა, სერგო ჩიხლაძემ.

მოსახლეობა ამბობს, რომ საწვავის გაძვირება და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდა, მათ ჯიბეზე მძიმედ აისახება.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ბენზინი ისევ გაძვირდა. ფასებმა ყველა ტიპის საწვავზე მინიმუმ 5 თეთრით მოიმატა, ბოლო დღეებში კი ბენზინი დაახლოებით 12 თეთრითაა გაძვირებული. ეს ისტორიული მაქსიმუმია. ბენზინი ამაზე ძვირი არასდროს ყოფილა. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 4 თეთრით გაუფასურდა. ამ გაუფასურების გათვალისწინებით, ექსპერტების გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვასაც ვარაუდობენ.

დღის ამბები