26 აგვისტო 2019,   12:25
ვრცლად
ლიფტის შახტში 16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმე - ინდური კომპანიის დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

წინასწარი პატიმრობა მშენებლობაზე უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის - ინდური სამშენებლო კომპანია "ჯე ვი კე ჰოსპიტალიტის" დირექტორისთვის, აღკვეთის ღონისძიება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

საქმე ეხება მშენებლობას, სადაც რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანი დაიღუპა. იმ შემთხვევაში თუ ინდოეთის მოქალაქეს დანაშაული დაუმტკიცდება მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულის ადვოკატი, ბაჩუკი ქირია ამბობს, რომ სასამართლო საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ იმყოფება და მან არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. დაცვის მხარე ამბობს, რომ დემონტაჟის სამუშაოები, რომელსაც 16 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეკონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ შუბითიძემ კომპანიის ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად დაიწყო.

„მან განაცხადა,რომ არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, ეს გამოძიებისთვის ცნობილია, არ არის სადაო რომ ბურდაკი არ იმყოფებოდა, ამით ისარგებლა ბატონმა შუბითიძემ, როდესაც ადამიანების ჯგუფი შეიყვანა სამუშაოდ, კონტრაქტიც კი არ არსებობდა და მას არ ჰქონდა უფლება შეესრულებინა სამუშაოები,“-ამბობს ბაჩუკი ქირია.

ბრალდების მხარე არ პასუხობს "კურიერის" კითხვას, გამოკითხულია თუ არა თავად შუბითიძე. დაცვის მხარის მტკიცებით, გამოძიება შუბითიძის არ დაინტერესებულა.

დღის ამბები