26 აგვისტო 2019,   12:27
ვრცლად
სასამართლომ, ოქრუაშვილის მოთხოვნა "რუსთავი 2"-ში ხალვაშისა და "შპს პანორამას" წილების დაყადაღებაზე, არ დააკმაყოფილა

"ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ ეს განცხადება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა," - ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიგინგზე გააკეთა, რომელიც ამ დორმდე გრძელდება. 

ის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც მისი მოთხოვნა "რუსთავი 2"-ში ხალვაშისა და "შპს პანორამას" წილებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. 

„საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა რუსთავი 2-ის წილებზე ყადაღის დადებაზე სრულიად სასაცილო მოტივით იურისტებისთვის. თითქოს, მოთხოვნა წილების ყადაღის დადებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად და ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, კანონით გვქონდა 10 დღის ვადა იმისთვის, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა. სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, გადმოგვიგდო ეს უკან, იმისთვის, რომ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღის დადება. ფაქტია, რომ სასამართლოში კვლავ შერჩევითი სამართალია იმიტომ, რომ ჩვენ განცხადება შეტანილი გვქონდა ზუსტად იმავე ტექსტით, წერტილი და მძიმეც არ აკლდა, რაც ხალვაშმა შეიტანა, როდესაც დააყადაღა რუსთავი 2-ის წილები. ასე, რომ ფაქტია სახეზე, 10 დღის წინ დანიშნული მოსამართლის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად შერჩევითი და მეტი არაფერი. ჩემთვის ეს არ არის იურიდიული პროცესი, ჩემთვის ეს არის პოლიტიკური პროცესი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ლონდონში რომ შემეტანა ან პარიზში მე ეს სარჩელი და იქ დამეწყო დავა, პოლიტიკური პროცესის და პოლიტიკური ჭრილის შეძენა ამ საქმისთვის თითქმის არ იქნებოდა შესაძლებელი. ჩემთვის ახლა ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი, ამ ყველაფრის მმართველი და მე ვაპირებ ბურთის მის მოედანზე გადაგდებას, სასამართლოში აქ შეტანის მეშვეობით, რომ კიდევ ერთხელ გაირკვეს, ამ ქვეყანას მომავალი აქვს თუ არა,“ - ამბობს ოქრუაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ოთხშაბათამდე მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ გააგრძელოს დავა. 

„ახლა ჩვენ გვაქვს არჩევანი გავასაჩივროთ განჩინება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ ამაზე, ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განაცხადი წილების გასხვისებაზე აკრძალვა და ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ ეს განცხადება თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილის უფლებადამცველმა სასამართლოს წინა კვირას მიმართა. მოთხოვნის საფუძველი, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის, 2010 წელს ბერლინში გაფორმებული შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაში რ2-ის მხოლოდ ფორმალური მმართველია და აცხადებენ, რომ ეს ექსპერტიზის სამმა დასკვნამ დაადასატურა.

 

დღის ამბები