26 აგვისტო 2019,   12:30
ვრცლად
გაფლანგული 2 მილიონი ლარი - თბილისში ორი საბაგირო არ მუშაობს -

გაფლანგული 2 მილიონი ლარი და გაჩერებული საბაგიროები თბილისში - ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა უკვე ერთი კვირაა, გაჩერებულია. კუს ტბის საბაგირო მთავარი გამწევი ბაგირის დაზიანების გამო, ერთი კვირაა, რაც გათიშულია. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა ახლა მხოლოდ სამანქანო გზითაა შესაძლებელი.

აღნიშნული საბაგირო გზა 3 წლის წინ ქალაქის მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ საზეიმოდ გახსნა, რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ 100 ათასი ლარი დაიხარჯა. თუმცა, ექსპლუატაციის ვადის ამოწურვამდე, 2 წლით ადრე საბაგირო დაზიანდა და მერიამ დამატებით 150 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

კუს ტბის საბაგირო გზის რეაბილიტაცია რომ დარღვევებით ჩატარდა, ამაზე არასამთავრობო სექტორი საუბრობს.

სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბაგირმშენმა“ შეასრულა. კომპანიაში არ იციან, რა გახდა საბაგიროს დაზიანების მიზეზი, თუმცა, მათი მხრიდან შეცდომებს გამორიცხავენ. რამ გამოიწვია დაზიანება, საკითხს თბილისის მერიაში სპეციალური კომისია იკვლევს.

ამ დრომდე არ მუშაობს ბაგები-მაღლივის დამაკავშირებელი საბაგირო გზაც, რომლის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა 600 ათასი ლარი.

საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ ექსპერტები, რომლებსაც ასევე ეჭვი აქვთ, რომ ტენდერში კონკრეტული კომპანიების გამარჯვებას მაღალჩინოსნები ლობირებენ.

კომპანიაში, რომელმაც ბაგები-მაღლივის საბაგირო გზა გაარემონტა, ამბობენ, რომ სამუშაოები ვადებში დაასრულეს და ექსპლუატაციაში ჩააბარეს. სატრანსპორტო კომპანიაში კი ამ ფაქტს უარყოფენ.

ამ ორი საბაგიროს რეაბილიტაცია 2016 წელს ბიუჯეტს 2 მილიონ ლარამდე დაუჯდა. დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა კომპანიებს, მერიაში ვერ აკონკრეტებენ.

დღის ამბები