21 აგვისტო 2019,   08:18
ვრცლად
დვალი და აქიმიძე მიიჩნევენ, რომ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა საფრთხეშია, ოქრუაშვილი კი ფრონტის ახალ ხაზს ხსნის

"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები ქიბარ ხალვაშის უკან ბიძინა ივანიშვილის აჩრდილს ხედავენ. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ვისაც ხალვაში წილების 50%-ს დავის დაწყების წინ პირდებოდა, ამბობენ, რომ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა საფრთხეშია.

ქიბარ ხალვაშის პირობა ამ დრომდე შეუსრულებია - არც წილები გადაუფორმებია და არხის დამფუძნებლებიც უკვე მეოთხე დღეა, მის ზარს უშედეგოდ ელოდებიან.

დავით დვალი წერილშიც და „კურიერთან“ ინტერვიუშიც ასევე ღიად ამბობს, რომ "რუსთავი 2-ის" დღევანდელი მოცემულობა თავისუფალ სიტყვას საფრთხეს უქმნის. დავით დვალი ამბობს, რომ არ სჯერა ქიბარ ხალვაშის საჯარო გარანტიების, რომელსაც ის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობის მოტივით იძლევა.

ქიბარ ხალვაშის უკან მდგომს ებრძვის ირაკლი ოქრუაშვილიც. ის ამბობს, რომ დავა, რომელიც მას „რუსთავი 2-ის" კუთვნილებაზე აქვს, სამართლებრივი იქნებოდა, ხალვაშის უკან ივანიშვილი რომ არ იყოს.

ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს პირველად ისაუბრა იმ სკანდალურ დეტალებზე, რის გამოც 2014 წლის აპრილში, მათ შორის, "რუსთავი 2-ის" საქმეზე ხელისუფლების სასურველი ჩვენება მისცა. ოქრუაშვილი ამბობს, რომ მაშინ ივანიშვილის გუნდს თვითმმართველობის არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ გაურიგდა.

ირაკლი ოქრუაშვილს დღეს სასამართლოს „რუსთავი 2-ში" ქიბარ ხალვაშის წილზე ყადაღის დადებაზე უარი უთხრა. სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით მათ სასამართლოს სამი დღის წინ მიმართეს. ოქრუაშვილისთვის უარი შერჩევითი სამართლის დასტურია.

ყადაღაზე უარის მიუხედავად, ოქრუაშვილი ბერლინის შეთანხმებაზე დავას არ წყვეტს. ის უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, ახალ მოთხოვნას ძირითად სარჩელთან ერთად წარადგენს თუ დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები