21 აგვისტო 2019,   08:13
ვრცლად
"სირცხვილია" - პარლამენტის წინ აქცია განსხვავებულ ფორმატში იმართება

უწყვეტი პროტესტის 33 დღე - სისხლიანი გავრილოვის ღამის შემდეგ მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან თბილისის მთავარ გამზირზე და მოითხოვენ გიორგი გახარიას გადადგომას. თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოების ამ მოთხოვნას გულგრილად უგულებელყოფს.

პარლამენტის წინ აქცია დღეს განსხვავებულ ფორმატში იმართება. რუსთაველზე სატელევიზიო სტუდიაა მოწყობილი და ორგანიზატორები ამ სტუდიაში 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებზე მსჯელობას აპირებენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მიშა მშვილდაძის თქმით, მათ სურთ, რომ აქცია ადეკვატური იყოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და სწორედ ამიტომ შეაჩერეს არჩევანი ამ ფორმატზე.

„იმდენი ხანი გაგრძელდა აქ ეს ამბავი, რომ ასე არ დამთავრდება მარტივად, ერთ მშვენიერ დღეს ვინმეს დაღლით და შესაბამისად, რომ ვიფიქრეთ, მოგვეჩვენა საუკეთესო იდეად ამ ფორმატში გადაზრდა,“ - განაცხადა მშვილდაძემ.

სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, რომ ხალხის ხმა გაიგონონ და მათი მოთხოვნა გაითვალისწინონ.

„ჩვენ ვილაპარაკეთ დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და "რუსთავი 2-ზე" და ეს ორი ამბავი გადაბმულია და მე ვფიქრობ, ეს აქციაც და "რუსთავი 2-იც" გაძლებაზეა, მაგრამ უნდა გაძლონ იმიტომ, რომ სხვანაირად ჩვენი საქმე ძალიან ცუდად იქნება. თანმიმდევრულობა და პრინციპულობა შევუქე ზუსტად დღესაც, რომ ასე მედგრად დგანან,“ - განაცხადა დევდარიანმა.

სატელევიზიო სტუდიაში ერთ-ერთი სტუმარი იყო საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. გიორგი ბურჯანაძის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე გამოძიებას.

„გამოძიების ფარგლებში ვამოწმებთ იმას თუ ადამიანის უფლებების სტანდარტები რამდენად დაცულია და ერთ-ერთი რაც გვინდა ჩვენ, რომ საზოგადოების წინაშე ვიყოთ კარგად ანგარიშვალდებულები, ამისთვის შევქმენით საკონსულტაციო საბჭო, სადაც არიან აქციის ორგანიზატორები და ასევე, სადაც გვინდა, რომ ხალხს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რასაც ვაკეთებთ,“ - ამბობს ბურჯანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები