15 ნოემბერი 2019,   06:56
ვრცლად
ლაფანყურის მოსახლეობა ეკოლოგიური კატასტროფის მოლოდინშია - ადგილობრივები ჰესის მშენებლობის დაწყებას ეწინააღმდეგებიან

სოფელი ლაფანყურის მახლობლად მდინარე ლოპოტას ხეობას განადგურების საფრთხე ემუქრება. "ლოპოტა 1 ჰესის" ასაშენებლად ინვესტორს უკვე ყველა ნებართვა მიღებული აქვს და ცოტა ხანში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

ჰესმა რომ იმუშაოს, ჭარბი წყალი სჭირდება, ამიტომ მთა უნდა ააფეთქონ, გაბურღონ და წყალსაცავამდე წყალი 220-მეტრიანი მილსადენით მიიყვანონ. მილში მოქცეული წყალი ადგილობრივებისთვის საფრთხის შემცველია.

ადგილობრივი ლაშა წოწკოლაური დარწმუნებულია, რომ მშენებლობის პროცესში ნაშალი მასალა, რომელიც მდინარეში ჩაიყრება, ღვარცოფს წარმოქმნის.

მილებში მოქცეული წყლის 4-კილომეტრიან მონაკვეთში ხვდება ხეობის უნიკალური ტყეც. წითელ ნუსხაში შეტანილი ლაფანი საქართველოში მხოლოდ აქ ხარობს, ლეგენდის მიხედვით, ამიტომ ჰქვია სოფელს ლაფანყურიც.

„ამ  წყალს თუ მოგვაკლებენ, დავიღუპებით ამოვწყდებით, მოიტანენ მანქანებს, ყველაფერს დავანგრევთ,“ - ამბობენ ადგილობრივები.

სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ჰესის აშენებას ეწინააღმდეგება. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მათ ხელმოწერები შეაგროვეს და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს. 409 ადამიანი ითხოვს, რომ ლაფანყურის მახლობლად 5,9-მეგავატიანი ჰესი არ აშენდეს. ლაფანყურელები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო უწყებებმა დასკვნები გააყალბეს და სამშენებლო ნებართვები ისე გასცეს.

„გეოლოგი იყო, ასევე გარემოს დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი და ასევე, კიდევ რამდენიმე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, პირდაპირ მესმოდა, რომ ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ეს არის მოქმედი მეწყრული ზონა, აქ არის ნაშალი, აქ ტრაქტორის შესვლა არ შეიძლება იმიტომ, რომ შეიძლება თვითონ ჩამოინგრეს და დაიტანოს ტრაქტორი... რაც რეალურად ხდება, საერთოდ არ აქვთ მიწოდებული“, - ამბობს ადგილობრივი.

17 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 49-წლიანი იჯარით კომპანია "ართანა-ლოპოტას", პრემიერის 15 მარტის, განკარგულებით უკვე გადაეცა, წელიწადში 36 500 ლარად, ანუ კვადრატულ მეტრი 4 ლარად და 85 თეთრად. კომპანიას მიღებული აქვს 3000 ხის მოჭრის ნებართვა, მათ შორის 140 წითელ ნუსხაში შეტანილი ლაფანია.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ლაფანის კორომის აღდგენას უზრუნველყოფენ და ჰესი ბუნებას არ ვნებს. კომპანიის დირექტორი ამტკიცებს, რომ ჰესის მშენებლობას სოფლის მცირე ნაწილი, 30 ადამიანი ეწინააღმდეგება. პროექტის განსახორციელებლად კი ხალხის თანხმობა არ სჭირდება.

თელავის მუნიციპალიტეტში მიწების გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, მერი ვერც იმას ამბობს, დაზიანდება თუ არა ეკოსისტემა ჰესის მშენებლობის შემდეგ.

დამოუკიდებელი ექსპერტები კი აცხადებენ, რომ მეწყერსაშიში ზონის გამო, საფრთხე რეალურია. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტრო პროექტის შეჩერებას არ აპირებს. 

დღის ამბები