15 სექტემბერი 2019,   17:15
ვრცლად
"რეპრესიული პოლიტიკა გრძელდება" - ნარკომომხმარებლების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით, რომლებიც სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევენ, პატიმრობის მუხლები გაუქმდა, ​ნარკომომხმარებლების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების ამგვარი დაყოფა ბუნდოვანებას იწვევს. 

„ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისათვის“ ხელმძღვანელი, კოტე რუხაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ნარკოტიკების დაყოფა ვერ აღმოფხვრის. რუხაძე აცხადებს, რომ კითხვებს აჩენს ის ფაქტი, ცვლილება კონკრეტულად რომელი ნარკოტიკის მომხმარებელს შეეხება. 

„ბუნდოვანებას ქმნის იმიტომ, რომ ჩვენ, თუნდაც მომხმარებელთა თემისთვის, ექსპერტებისთვისაც, ჯერჯერობით არ არის სიღრმისეულად, რა დგას უკან. რომელი ჩამონათვალი იქნება, რომელი ნარკოტიკის მომხმარებელ ადამიანებს შეეხებათ. მე ვფიქრობ, რომ მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლებს ცალსახად არ შეეხება, ეს კანონმდებლობაა, ამიტომ ის, რასაც ჩვენი თემი იბრძვის და მოითხოვს, რომ არ მოხდეს ადამიანების გაშვება ციხეში. რეპრესიული პოლიტიკა გრძელდება, რომელიც იყო, სამწუხაროდ, და ისევ არ არის ზრუნვაზე ორიენტირებული ეს ნარკოპოლიტიკა, თუმცა ისევ და ისევ, როცა პრეცედენტები იქმნება ქვეყანაში და როცა საკანონმდებლო დონეზე ვერ ცვლი რაღაცას, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციოს პრეცედენტები, რა თქმა უნდა, არის შვება მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფისთვის,“ - განაცხადა კოტე რუხაძემ.

"ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისათვის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ერთმანეთისგან გამიჯვნასა და დაყოფაში სპეციალისტების აქტიურად ჩართვა უნდა მოხდეს.

„დეპუტატები ამას თვითონ ვერ გადაწყვეტენ იმიტომ, რომ მათ არც კვალიფიკაცია აქვთ ამისი, რა იწვევს და რა არ იწვევს დამოკიდებულებას, მაგრამ იქ იქნებიან, ალბათ, ის კვალიფიციური ექსპერტები, რომლებიც ამ სამუშაო ჯგუფში შევლენ და მათთან ერთად მოხდება ეს ცვლილება,“ - განაცხადა კოტე რუხაძემ.

იმ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით, რომლებიც სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევენ, საკონსტიტუციო სასამართლომ პატიმრობის მუხლები გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, ნაწილობრივ, დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოტიკული საშუალებების ეს დაყოფა მარიხუანას არ შეეხება, რადგან ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, მარიხუანას მოხმარებისთვის საპატიმრო სასჯელი გათვალისწინებული არ არის. 

დღის ამბები