15 სექტემბერი 2019,   17:21
ვრცლად
აქციის მონაწილეს, რომელმაც მაკო გომურის მისამართით გამოთქმული უხამსი გამონათქვამი გააპროტესტა, ჯარიმა შეეფარდა

შეკვეთილში გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, დავით მჟავანაძეს, პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო, სამი ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, 20 ივნისის დროს დაშავებული 18 წლის მაკო გომურის მისამართით ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ გამოთქმული უხამსი გამონათქვამები გააპროტესტა. მჟავანაძემ სოციალურ ქსელში ბახვის პოლიციის უფროსს, მამუკა ჯანანაშვილს უპასუხა, რომელმაც აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა და ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისს თვალი დაკარგეს, აგინა. 

პოლიცია დავით მჟავანაძის მიმართ 15 დღიან პატიმრობას ითხოვდა. მჟავანაძის ადვოკატის, კახა ჩავლეშვილის განცხადებით, ეს, გარკვეულწილად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, რადგან მჟავანაძე დაისაჯა მის მიერ სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაკეთებული განცხადებების გამო. 

მისი თქმით, ერთადერთი მტკიცებულება, რაც პოლიციამ სასამართლოს წარუდგინა, დავით მჟავანაძის Facebook ლაივია, სადაც ის პოლიციელ მამუკა ჯანანაშვილს მაკო გომურის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო უხამსი სიტყვებით  მოიხსენიებს. მისი განცხადებით, პოლიციელებმა პირდაპირი ჩართვის შეწყვეტა სთხოვეს, მჟავანაძეს დაუმორჩილებლბაში კი სწორედ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაეთვალა. 

„მთავარია, ოლიგარქს ჰქონდეს დისკომფორტი. ცდილობენ, რომ მაქსიმალურად შეავიწროონ ადამიანები, რომლებიც დადიან საპროტესტო აქციაზე, ბიძინა ივანიშვილის სახლთან „გააღვიძე ოლიგარქი.“ ეს სამი ათას ლარიანი ჯარიმა ნიშნავს იმას, რომ ხვალ თითოეული ის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად დადის აქციაზე, რადგან აპროტესტებს ოლიგარქიულ მმართველობას, დაფიქრდებიან იმაზე, საერთოდ წავიდნენ თუ არა. ეს არის ხელისუფლების მიდგომა, მაგრამ მე ვპირდები მათ, რომ უფრო მეტი ადამიანი ივლის ამ საპროტესტო აქციებზე და ვერავის ვერ დააშინებს,“ - განაცხადა დავით მჟავანაძემ.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბონდო თედორაძე დავით მჟავანაძის მიმართ ჯარიმის შეფარდებას „ცირკს“ უწოდებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მანამდე არ დასრულდება, სანამ „ქართული ოცნება“ ქვეყნის სათავეში იქნება.

„როგორ შეიძლება პოლიციელი აგინებდეს ადამიანს, რომელიც საქართველოში ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილე იყო, გავრილოვის ჩამოსვლა გააპროტესტა, გამოთხარეს თვალი, ამას ესარჩლებოდეს მოქალაქე და აჯარიმებდე. ეს არის ცირკი,  რომელიც, სამწუხაროდ, გრძელდება. ამ ცირკს ერთადერთი დასასრული ექნება მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" ძირგამომპალი ხელისუფლება ჩამოშორდება მმართველობით რგოლს,“ - განაცხადა ბონდო თედორაძემ.

დავით მჟავანაძის მიმართ ჯარიმის შეფარდებას ეხმაურება ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბესიკ ქათამაძეც.

„ლაივი, რომელიც ჩაწერა მჟავანაძემ აქციაზე, სადაც პოლიციელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მომიტინგეებს და 20 ივნისის აქციაში მონაწილე პირებს, ამ ლაივის ჩაწერის გამო, დღეს რეალურად დაჭერას კი გადაურჩა, მაგრამ 3 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრეს,“ - განაცხადა ბესიკ ქათამაძემ.

 

 

დღის ამბები