15 სექტემბერი 2019,   17:18
ვრცლად
შემოსავლებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები - "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსურის დირექტორის გამოკითხვა დასრულდა  

„რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. დამენიას გამოკითხვა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მან მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც გამომძიებლებს მისგან აინტერესებდათ.

საქმე ეხება „რუსთავი 2-სა" და „ინტერმედიას“ შორის თანამშრომლობის და ფინანსური ოპერაციების დეტალებს. დამენია ტელეკომპანიაში ფინანსურ სამსახურს 2015 წელს ხელმძღვანელობდა. 

კახა დამენიას თქმით, მას გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი და ამიტომ გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მან აღნიშნა, რომ ის მოწმის სახით დაკითხეს და კითხვები სწორედ კომპანიაში მისი დირექტორობის პერიოდში განხორციელებულ შემოსავლებს ეხებოდა.

„მოწმის სახით ვიყავი დაკითხული. ჩემი ფინანსური დირექტორობის პერიოდი იყო 2015 წელი, ანუ როდესაც ვიყავი "რუსთავი 2-ის" ფინანსური დირექტორი. უმთავრესად, კითხვები ეხებოდა იმდროინდელ შემოსავლებს, ხარჯებზე ნაკლებად. გარკვეულ შემოსავლებთან დაკავშირებით ჰქონდათ გარკვეული კითხვები, სარეკლამო დროის შესახებ და ა.შ. გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი, ამიტომ ძალიან დეტალებში ვერ შევალ, თუმცა ძალიან დეტალურიც ისეთი არაფერი. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ ზოგადი კითხვები იყო შემოსავლებთან დაკავშირებით. თვითონ მიზანი რა აქვთ, არ ვიცი, ამას ვერ მოგახსენებთ, ფაქტია, საუბარი არის სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებზე," - განაცხადა კახა დამენიამ.

ადვოკატი, ბექა ბასილაია იმ კითხვებზე საუბრობს, რომელიც საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ჰქონდათ.

„გამოძიება ისეთ კითხვას ვერ სვამს და ვერც მომავალში ვერ დასვამს, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც სხვა იდგა ამის უკან. უბრალოდ ისმევა კითხვები, მაგალითად, ეს ხელშეკრულება რატომ გაფორმდა. არის პასუხი, რომ "ინტერმედია" იყო იმ პერიოდში ერთადერთი ყველაზე ეფექტური კომპანია, რომელიც სარეკლამო დროის გაყიდვას ახდენდა. მერე ისმის კითხვა, რატომ დაფიქსირდა ეს და ეს ღირებულება, რაც არის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული. ამაზე არის მკაფიო პასუხი - ეს არის განპირობებული სხვადასხვა ფინანსური ფაქტორით, განპირობებულია რისკებით და ა.შ. შემდეგ ისმის კითხვა, რატომ არის განსხვავება, ვთქვათ, სხვადსხვა წლის შემოსავლებთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებითაც არის მკაფიო პასუხები - კურსთა შორის სხვაობა, სასამართლო დავები, რამაც შეაფერხა საქმიანობა, რამაც შეაფერხა ამოღების პროცესი და ა.შ.“ - აცხადებს ბექა ბასილაია.

ამავე თემაზე
დღის ამბები