15 სექტემბერი 2019,   17:17
ვრცლად
ნიკა გვარამიას შემდეგ კახა დამენია - „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი გამოძიების შეკითხვებს 7 საათის განმავლობაში პასუხობდა

გენერალურ პროკურატურაში ”რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი გამომძიებლების კითხვებს 7 საათის განმავლობაში პასუხობდა. კახა დამენია მოწმის სტატუსით საგამოძიებო უწყებაში ”რუსთავი 2-ისა" და კომპანია ”ინტერმედიას” შორის ფინანსური ოპერაციების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

სამუწყებლო კომპანიის ყოფილ ფინანსურ დირექტორთან კითხვები 2015 წლის ფინანსურ დოკუმენტებთან დაკავშირებით ჰქონდათ, როდესაც ის "რუსთავი 2-ში" ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. დამენია დაკითხვის დეტალებზე ვრცლად ვერ საუბრობს. პროკურატურაში მას გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი.

ზეწოლა ”ინტერმედიასა” და „რუსთავი 2-ის" ყოფილ მენეჯმენტზე - ასე აფასებს პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას დამენიას ადვოკატი. ბექა ბასილაია აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყების ინტერესი სარეკლამო კონტრაქტები და მათი ფასია. ამ კითხვებზე კი პასუხი თადუმაძის უწყებას, ადვოკატის განცხადებით, ამოღებული დოკუმენტების საფუძველზე უკვე აქვს.

გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ ამ საქმეზე სამი მუხლით დაიწყო. საუბარია თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვაზე. გამოძიების ფარგლებში, თადუმაძის უწყებამ დოკუმენტაცია „ინტერმედიას“ სათაო ოფისიდან უკვე ამოიღო. გენერალური პროკურატურის გამომძიებელი უახლოეს პერიოდში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს.

პროკურატურა ადასტურებს, რომ საქმის მასალებში დევს „რუსთავი 2-ის" ახალი გენერალური დირექტორის განცხადებაც, რომლითაც პაატა სალია თადუმაძის უწყებას ტელეკომპანიაში არსებული მძიმე ფინანსური ვითარებით დაინტერესებას სთხოვს.

გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ამ საქმეზე მოწმის სტატუსით უკვე დაიკითხა „რუსთავი 2-ის" ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია. უწყებაში მის ხელახლა დაბარებას არ გამორიცხავენ.

 

 

დღის ამბები