06 დეკემბერი 2019,   22:30
ვრცლად
რეგულაციები გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ - სამოქალაქო საზოგადოება "ოცნების" საარჩევნო ცვლილებას აკრიტიკებს

რეგულაციები გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და მედიის საქმინობაში ჩარევა - სამოქალაქო საზოგადოება მმართველი გუნდის საარჩევნო ცვლილებებს აკრიტიკებს.  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, რას გულისხმობს ხელისუფლება, როცა საარჩევნო კამპანიის დროს კრძალავს სიძულვილის ენის გამოყენებას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ კანონპროექტში არსად არის განმარტებული, რას მოიაზრებს ხელისუფლება სიძულვილის ენაში. ხოლო ასევე კანონპროექტში ჩაწერილი ქსენოფობიაც, მაშინ როცა ქსენოფობია იგივე სიძულვილის ენაა. რეკლამის შინაარსზე კი პასუხისმგებლობა მედიაორგანიზაციებს ეკისრება.

„ეს არის ძალიან სახიფათო, თანაც იმ პირობებში, როდესაც რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა, პრაქტიკულად, ეკისრება მაუწყებელს, რომელიც შესაძლოა, დასანქცირდეს სწორედ იმიტომ, რომ რეკლამა შეიცავდეს სიძულვილის ენას. ეს იმ პირობებში, როცა არ ვიცით, რა იგულისხმება ამ სიძულვილის ენის ქვეშ.

ის, რომ პოლიტიკური კულტურა არის დაბალი და პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ, კარგი დებატების წარმართვას, ეს არ ნიშნავს, რომ მაუწყებლებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა,“ - ამბობს ძველიშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ უბრალოდ გამოხატვა ქსენოფობიური არ შეიძლება გახდეს რეპრესიული საკანონმდებლო პოლიტიკის ნაწილი.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ელენე ნიჟარაძე კი ამბობს, რომ ეს ჩანაწერი ცვლილებების პროექტში მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული და მედიაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

„მიგვაჩნია, რომ ეს პირდაპირ მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, ასევე წარმოდგენილია რეგულაციები, რომელიც, ჩვენი აზრით, უხეშ ჩარევას წარმოადგენს მედიის საქმიანობაში და ამას მსუსხავი ეფექტი ექნება,“ - ამბობს ელენე ნიჟარაძე.

 

დღის ამბები