13 დეკემბერი 2019,   12:02
ვრცლად
"ოცნებას" აქვს ისეთი სქემები, როდესაც ნათესავებზე ე.წ. ქიქ ბექით ხდება თანხების განკარგვა, რაც კორუფციაზე მიუთითებს" - ოპოზიცია

ოპოზიცია ხელისუფლებაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზე კიდევ ერთხელ საუბრობს და მაგალითისთვის „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოსკვლევა  მოჰყავს. საუბარია დოკუმენტზე, სადაც ნათქვამია, რომ 26 მაისის ღონისძიებებზე 7 მილიონი დაიხარჯა და აქედან 97%-ის შემთხვევაში ტენდერი არ გამოცხადებულა, რაც ნეპოტიზმის და კორუფციის ეჭვს აჩენს.

ენმ-ს წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, უმეტეს შემთხვევაში „ქართული ოცნება“ პირდაპირი შესყიდვების წესს იყენებს და გვერდს უვლის ტენდერებს. მისი თქმით, ეს კი მათ აძლევს საშუალებას, დააფინანსოს პარტიის შემომწირველების და ნათესავების კომპანიები.

„ახალი წელი მოვიდა მოულოდნელად „ქართული ოცნებისთვის“ და ამიტომ, ტენდერის გარეშე ატარებენ ხოლმე კონკრეტულ ღონისძიებებს. აი, 26 მაისი ისე დადგა, რომ არ იცოდნენ წინასწარ, რომ 26 მაისი შეიძლება დამდგარიყო. ასეა მუდმივად, სააღდგომო დღესასწაულისთვის რაიმე ხარჯი რომ აქვთ ხოლმე, ტენდერს ვერ ატარებენ იმიტომ, რომ აღდგომა მოვიდა შემთხვევით. მართლა წარმოუდგენელ ნონსენსშია "ქართული ოცნება" და ამას ეწირება არა თუ "ქართული ოცნების" იმიჯი ან მათი ჯიბის ფული, არამედ ჩვენი, თქვენი და მაყურებლის თანხა. საუბარია არა ათობით ათასობით ლარზე, საუბარია მილიონობით ლარზე და ამ შემთხვევაშიც 6-დან 7 მილიონამდე დახარჯეს ტენდერის გარეშე, კორუფციულად, სუბიექტურად,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ პირდაპირი შესყიდვების წესს სახელმწიფო მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციებში იყენებს, 26 მაისი კი ასეთი ნამდვილად არ არის.

„ერთ პირთან მოლაპარაკება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი სახეზე გვაქვს ფორსმაჟორული გარემოება, მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, სეტყვა და დაუყოვნებლივ არის რაღაც ნაბიჯები გადასადგმელი და როცა წინასწარ იცი, რომ 26 მაისი მოდის, დამოუკიდებლობის დღე და  აღსანიშნავი ღონისძიებისთვის გამოსაყოფი იქნება თანხა, უნდა ჩაატარო ტენდერი. უნდა დაზოგო მოსახლეობის თანხა. "ქართულ ოცნებას" აქვს ასეთი სქემები, როდესაც ან პარტიის შემომწირველებზე ან ნათესავებზე ან ახლობლებზე ან ე.წ. ქიქ ბექის ანუ უკან ამონაგების წესით ხდება ამგვარი თანხების განკარგვა, რაც პირდაპირ კორუფციაზე მიუთითებს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები