13 დეკემბერი 2019,   12:02
ვრცლად
რეგულაციები წინასაარჩევნოდ - ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს მმართველი პარტიის კრიტიკაზე შეზღუდვებს უწესებს

"ქართული ოცნების" ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს მმართველი პარტიის კრიტიკაზე შეზღუდვებს უწესებს. ბიძინა ივანიშვილის პარტიის წარდგენილი საარჩევნო ცვლილებებით კლიპები, ნაწილობრივ, ცენზურას ექვემდებარება.

კლიპების მხოლოდ 25% შეიძლება შეიცავდეს ნეგატიურ ინფორმაციას, 75 % - კი პოზიტიურ შინაარსზე უნდა იყოს ორიენტირებული - ეს არის ახალი საარჩევნო სისტემის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც პარტიებთან ერთად დარტყმის ქვეშ მედიასაც აყენებს. ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები უკვე შეაფასეს, როგორც გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა.

მმართველ გუნდს დღეს არც დაუმალავს, რომ ხისტი გადაწყვეტილების მიღმა საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება დგას. ეს არ არის ერთადერთი აკრძალვა, რომელიც არჩილ თალაკვაძის მიერ წარდგენილ პროექტშია ასახული. პარტიებს საარჩევნოდ ბლოკების შექმნაც ეკრძალებათ, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მძლავრ ოპოზიციურ გაერთიანებას.

ყველაზე დიდი და ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება ამ დროისთვის ქვეყანაში გაერთიანებული ოპოზიციაა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობდნენ, რომ რეგულაციების ეს ნაწილი მმართველმა პარტიამ მათ დასაშლელად შეიმუშავა. ბლოკების აკრძალვის შემთხვევაში, რა ფორმით წარდგება არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიცია, არ უთქვამთ.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა. "ქართული ოცნება" პარტიების დაფინანსების წესს ცვლის და ბიუჯეტიდან თანხას პარტიები აღებული მანდატების მიხედვით მიიღებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ოცნების" ინიცირებული ვარიანტი გამოწვევებს ვერ პასუხობს.

საარჩევნოს კოდექსის ცვლილებებთან ერთად სექტემბრიდან მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც დაიწყება. 2020 წელს არჩევნების 0%-იანი ბარიერით პროპორციული წესით ჩატარდება

 

ავტორი: თამთა ჩიტიშვილი. 

დღის ამბები