06 დეკემბერი 2019,   15:29
ვრცლად
ფასების მატების შესახებ ბიზნესასოციაციების მიერ გაკეთებული განცხადებები მათზე ზეწოლის საფუძველი გახდა

ფასების მატების შესახებ ბიზნესასოციაციების მიერ გაკეთებული განცხადებები მათზე ზეწოლის საფუძველი გახდა. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, კომპანიები შესაძლოა, შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები კი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებამ გააბრაზა. მათი აზრით, ეს სწორედ ბიზნესზე ზეწოლის მცდელობა იყო, მას შემდეგ, რაც ღიად ისაუბრეს ლარის კურსით გამოწვეულ პრობლემებზე. ასოციაციების წარმომადგენელთა ნაწილი ურჩევს კონკურენციის სააგენტოს, არაკომპეტენტური განცხადებებისგან თავი შეიკავონ და ნუ ადანაშაულებენ ასოციაციებს ფასების მატებასთან დაკავშირებულ კარტერულ გარიგებებში.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა არ დამალა, რომ ბიზნესმენთა განცხადებებში საფრთხეს ხედავს. უწყებაში განმარტავენ, რომ კონკურენციის შესახებ კანონი შეთანხმებულ ქმედებებს კრძალავს. 

ბიზნესზე ზეწოლისა და დაშინების მცდელობას ხედავენ ხადურის განცხადებაში ეკონომისტები. მათი თქმით, ბიზნესასოციაციების მიერ გაკეთებული განცხადებები ლარის გაუფასურებით არის განპირობებული და არა კარტერული გარიგებით. 

ხადურის მუქარის შემდეგ ბიზნესმენები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ. ერთ საათიანი კომუნიკაციის შემდეგ მათ ისევ განაცხადეს, რომ შექმნილი ვითარების გამო, ფასების ზრდა გარდაუვალია. ირაკლი ლექვინაძისგან კი პირობა მიიღეს, რომ კონკურენციის სააგენტო ბიზნესმენთა გაკეთებული განცხადებების გამო, საქმის შესწავლას აღარ აპირებს.

 

დღის ამბები