23 ოქტომბერი 2019,   15:43
ვრცლად
ლარის დრამატული ვარდნა - ბოლო 24 საათში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 4 თეთრით გაუფასურდა

დრამატულ ნიშნულამდე ლარს ერთი თეთრი აკლია. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის შესაძენად 2 ლარი და 99 თეთრია საჭირო, სავალუტო პუნქტებში ოდნავ ნაკლები. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ლარი უკვე 43 პროცენტით გაუფასურდა, რაც რეკორდია. 

საქართველო ინვესტორებისთვის საინტერესო აღარ არის და ქვეყანაში სულ უფრო მცირდება უცხოური ვალუტა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინვესტორები ქვეყნიდან ხელისუფლების უნიათობის გამო გარბიან.

„ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი, სოსო ფხაკაძე აღიარებს, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ნეგატიური მოლოდინები შეიქმნა, რაც აისახა სავალუტო ბაზარზე და არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ მძიმედ დააწვა ბიზნესსაც. ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ინტერვენციები ცენტრალურმა ბანკმა კიდევ უნდა გააგრძელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი უფრო მძიმე იქნება.

ვალუტის რეკორდული გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას მთავრობა და მმართველი გუნდი ხელს კვლავ ოპოზიციისკენ იშვერს. თავად პასუხიმგებლობას ირიდებენ და ამტკიცებენ, რომ ლარის გამყარება ეროვნული ბანკის ფუნქციაა. ბანკმა გასულ კვირას უკვე განახორციელა ინტერვენცია, რომელიც წარუმატებლად ჩაითვალა იმის გათვალისწინებით, რომ ჩარევამ ლარი 3 თეთრით და მხოლოდ რამდენიმე დღით გაამყარა, ახალი კვირიდან კი ეროვნული ვალუტა კვლავ ახალი ანტირეკორდისკენ მიდის.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ცალკე აღებული ეროვნული ბანკის ინტერვენცია ეროვნულ ვალუტას ვერ გაამყარებს და ლარის გამყარებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ცენტრალური ბანკი არ არის.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ეროვნული ბანკის კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში ოთხი თეთრით, ევროსთან მიმართებაში კი ხუთი თეთრით გაუფასურდა. 

დღის ამბები