09 აპრილი 2020,   21:48
ვრცლად
ხანდახან ასეთ განცხადებებს აკეთებინებენ, რომ ტემპერატურა, დუღილი შეინარჩუნონ - ექსპერტები ბიბილოვის განცხადებას ეხმაურებიან

აპირებს თუ არა რუსეთი ოკუპაციის შემდეგ ანექსიის ოფიციალურად გაფორმებას და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას. ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას თბილისში რუსეთის კიდევ ერთ პროვოკაციად აფასებენ. ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი ღიად ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავს, თუმცა რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უკვე სახეზეა და მკაცრი სანქციების შიშით ვლადიმერ პუტინს ოკუპირებული რეგიონის რუსეთად გაფორმება აღარ სჭირდება.

„რუსეთს ანაკლია აქვს დღის წესრიგში. მას აქვს მაქსიმალურად მილიტარიზებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთის რეგიონი. მმართველობა, ფაქტობრივად, მისი სპეცსამსახურებით ხდება. ბიუჯეტიც რეალურად მისგან ხდება. რა თქმა უნდა, მანიპულირებს ყოველთვის ამ თემით საქართველოსთან მიმართებაში, რათა გავლენა იქონიოს საქართველოს საზოგადოებაზე, მომავალ არჩევნებზე, ალბათ, და გარკვეული ბერკეტი ჰქონდეს იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი პრორუსული ძალა შემოიყვანოს, იმისთვის, რომ ეს სატყუარა თუ საფრთხე ყოველთვის იყოს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში განსაკუთრებით. ცხადია, რომ ეს შეუქმნის საერთაშორისო პრობლემებს, მას ამ ეტაპზე ეს არ სჭირდება ფორმალიზებულად. არაფორმალურად ის, რა თქმა უნდა, მართავს ამ ორ რეგიონს და საფრთხეს უქმნის საქართველოს როგორც დემოკრატიულ, სუვერენულ თავისუფალ ქვეყანას,“ - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა.

რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებს რომ სატყუარად იყენებს, ამაზე საუბრობს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელიც. ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსეთს არ აწყობს მორიგი რეგიონების ანექსია. მისი თქმით, ბიბილოვს კი ეს განცხადება იმ მიზნით გააკეთებინეს, რომ მოსკოვმა საქართველოში მაღალი ტემპერატურა შეინარჩუნოს.

„რამდენიმე წელია, ე.წ. ოსეთის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ რუსეთთან ინტეგრაცია მოახდინოს. რუსეთი ამ ეტაპზე უარს ეუბნება. რუსეთს არ აწყობს ამ ქვეყნების შეერთება, ერთ-ერთი ეგ მიზეზია. იმიტომ, რომ ურჩევია, რომ ასე სატყუარასავით იყოს საქართველოსთვის და მოუგვარებელ კონფლიქტად. სანამ ეს სატყუარა არსებობს რაღაც დონეზე, ყოველთვის იქნება იმის მცდელობა, რომ ამ ტერიტორიების რაღაც ფორმით რეინტეგრაცია გამოიყენოს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის. ამიტომ, ალბათ, რუსეთია ამ ეტაპზე თავს შეიკავებს და ყირიმის ოკუპაციის და ანექსიის შემდეგ, რამდენადაც მწვავე რეაქციები მოჰყვა, კიდევ რაღაც ტერიტორიის ანექსია არ აწყობს. ბიბილოვი, რომელიც წარმოადგენს რუსეთში, მარიონეტთა ჯაჭვში ერთ-ერთ უკანასკნელ მარიონეტს მას არავინ ეკითხება ამ ყველაფერს. ხანდახან მას ასეთ განცხადებებს აკეთებინებენ, რომ ტემპერატურა, დუღილი შეინარჩუნონ,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის აგრესიას საქართველოს მხრიდან ოსი ხალხის გენოციდად გამოცხადებას გეგმავს. ანატოლი ბიბილოვის თქმით, ისეთი მცირერიცხოვანი რესპუბლიკისთვის, როგორიც სამხრეთ ოსეთია, 500 გარდაცვლილი უკვე გენოციდის ტოლფასია. რუსეთ-საქართველოს ომის მეთერთმეტე წლისთავზე ბიბილოვი ისევ რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის აუცილებლობაზე საუბრობს. 

დღის ამბები