09 აპრილი 2020,   20:27
ვრცლად
ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით იზიარებენ პუტინის პოზიციებს - არასამთავრობოების ერთობლივი განცხადება 

მესამე სექტორი აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამწუხაროს უწოდებენ ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებებს. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ომი, მიხეილ  სააკაშვილის მთავრობამ დაწყო. 

მესამე სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ გზით ხელისუფლება იმეორებს პუტინის პოზიციას და ემსახურებიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას. 

"რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან მეთერთმეტე წლისთავზე რუსეთის ფედერაცია ისევ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. პარალელურად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გრძელდება მავთულხლართებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების აღმართვა, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მათი მოტაცება, წამება და  მკვლელობები.

სამწუხაროა, რომ აღნიშნულის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვიწრო პარტიულ ხედვებს სახელმწიფოს ინტერესებზე წინ აყენებენ და აგრძელებენ ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომლითაც ომის დაწყებაში საქართველოს წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ამ გზით ისინი იზიარებენ ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტის პუტინის პოზიციებს და ემსახურებიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას.

გასათვალისწინებელია, რომ ტალიავინის დასკვნის მიხედვით რუსული სამხედრო ოპერაციის ოფიციალურ დაწყებამდე ცხინვალის რეგიონში უკვე შემოსული იყვნენ რუსული არმიის შენაერთები, რომლებიც არ სარგებლობდნენ სამშვიდობო ძალების მანდატით, ხოლო 2008 წლის მაისში რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთში სარკინიგზო ჯარების დანაყოფი შეიყვანა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით საქართველოს წინააღმდეგ ომის გეგმა რუსეთის გენერალურმა შტაბმა 2006 წელს შეიმუშავა.
სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” წარმომადგენლები მკაცრად ვგმობთ საქართველო-რუსეთის ომის მეთერთმეტე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მოვუწოდებთ მათ თავი შეიკავონ ისეთი პოზიციის დაფიქსირებისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის ინტერესებს ემსახურება,"-ნათქვამია განცხადებაში. 


განცხადებას ხელს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია :
ღია საზოგადოების ფონდი
მწვანე ალტერნატივა
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
საზოგადოება და ბანკები
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ცენტრი „ემპათია
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 

ამავე თემაზე
დღის ამბები