09 აპრილი 2020,   21:58
ვრცლად
"5 აგვისტოს რუსი სამხედროები უკვე ჯავაში იყვნენ... სამარცხვინოა იმის ძახილი, რომ საქართველომ დაიწყო ომი..." - გენერალი კალანდაძე

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას სააკაშვილის მთავრობას აკისრებს, სამარცხვინოს უწოდებს გენერალი კალანდაძე. გიორგი კალანდაძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 5 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ძალები უკვე ჯავაში იმყოფებოდნენ და მეორე დღეს საქართველოს მხარეს ორი გარდაცვლილი ჰყავდა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგვისტოს ომს იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და აზიანებს საქართველოს ინტერესებს.

„მათ უკვე გადმოლახეს 5 აგვისტოს, შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ოფიციალურმა, საზღვარი და შემოვიდნენ ჯავაში. თუ ვინმე არ თვლის ჯავას საქართველოს ტერიტორიად, ეს მისი პრობლემაა. იყო ინტენსიური სროლა და 6-ში ჩვენ უკვე გვყავდა 2 სამშვიდობო გარდაცვლილი. ხელისუფლებაში მოვიდა პოლიტიკური ძალა, რომელიც გაბრაზებულია წინა ხელისუფლებაზე და ამ კონკრეტულ შემთხვევას იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს ცხადია და ამაზე აღარ ვდაობთ. სამარცხვინოა კიდევ ერთხელ, რომ ვიძახოთ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ჩვენ გამოვიყენეთ უფრო დიდი ძალა ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული . ისევ ამაზე ლაპარაკი, ეს მგონი სირცხვილზე მეტია, ეს უკვე არის შეგნებული ღალატი ქვეყნისა და პრინციპების მიმართ,“-განაცხადა გიორგი კალანდაძემ.

11 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს გენერალი მამუკა ყურაშვილიც. გენერალი ამბობს, რომ მაშინდელ ხელისუფლებას სურდა მშვიდობიანი გზით წასულიყო და ცალმხრივად სროლაც კი შეწყვიტა, თუმცა უშედეგოდ.

„გახდა აშკარა მათი ჩართვა ზუსტად 7 აგვისტოს რომ უკვე შემოსულები იყვნენ მოწინავე რაზმები მეთვრამეტე არმიის, მეცხრამეტე დივიზიის ქვედანაყოფები იყვნენ ქურთის თავზე განთავსებულები. ხელისუფლების იმ დროს, უმაღლესი მთავარსარდლის პოზიცია იყო და თქვენ გახსოვთ, რომ  პერიოდიც აიღო, რომ ცალმხრივად შევაჩერეთ სროლა მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით რომ ეს გადაჯგუფებისთვის გამოიყენეს და ისევ ჩვენს საზიანოდ გამოდგა. მაგრამ გადავდგით ეს ნაბიჯი. გვინდოდა რომ ესე დამთავრებულიყო , რომ მშვიდობიანად მოგვარებულიყო,“-განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები