09 აპრილი 2020,   20:16
ვრცლად
აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგ მოსახლეობას კვლავ საკუთარი სახლების დაცვა უწევს - ოკუპანტები გუგუთიანთკარში მავთულხლართებს ავლებენ

რუსეთ საქართველოს ომიდან 11 წლის შემდეგაც, რუსი ოკუპანტების სამიზნე ისევ ქართული სოფლებია. გორის რაიონის სოფელ გუგუთიანთკარში მცხოვრებლები, უკვე ორი დღეა შიშით უყურებენ როგორ ამონტაჟებენ ოკუპანტები ახალ აბრებს და ბოძებს, სადაც მალე ახალი, ე.წ. საზღვარი გაივლის. ადგილობრივების პროტესტს სამხედროები რუსულ რუკებს უპირისპირებენ, რომლის მიხედვით ქართული სოფლები ოკუპანტების საზღვრებშია მოქცეული. რუსულ რუკაზე აღნიშნულია თუ რა ტერიტორიებზე უნდა გაიაროს ე.წ. საზღვარმა. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტები ისევ მიიტაცებენ ადგილობრივების სახლებს, მიწის ნაკვეთებსა და წყლის ავზსაც, რომლითაც 2 სოფლის მოსახლეობა მარაგდებოდა. თანაც ისე, რომ ხელსაც არავინ უშლის.

ისედაც მავთულხლართებში გახვეულ გუგუთიანთკარში, ახალი ე.წ საზღვრის დასადგენად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები 6 აგვისტოს გამოჩნდნენ. მოიმზადეს ტერიტორია, სადაც ახალი ბოძები უნდა დაემონტაჟებინათ. 7 აგვისტოს დაიწყეს გათხრა და სამუშაოები თითქმის ბოლომდე მიიყვანეს ისე, რომ საქართველოს ხელისუფლება ამბავს მალავდა. 2 დღიანი ფიქრის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი ე.წ საზღვრის დადგენა მხოლოდ დღეს დაადასტურა.

ხელისუფლების ასეთი დუმილი ადგილობრივებს აშინებთ და ფიქრობენ, რომ ოკუპანტები გაბედავენ იმაზე მეტს ვიდრე აქამდე გაბედეს. მით უმეტეს იმ გამოცდილებით, რომ ატოცში დამონტაჟებული რამდენიმე ბოძი მოგვიანებით, დიდმა მავთულხლართმა შეცვალა.

მაშინ, როცა გუშინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ადგილზე ახალ ე.წ საზღვრებს ადგენდნენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა. ადგილობრივებიც პირად საუბრებში გვიყვებიან, რომ პოლიციელებიც ღიად საუბარს უკრძალავდნენ.

საოკუპაციო ხაზთან დღეს ე.წ მესაზღვრეები აღარავის უნახავს. ადგილობრივები კი ელოდებიან, რომ ოკუპანტები დასახული გეგმის შესასრულებლად სოფელში უახლოეს მომავალში ისევ გამოჩნდებიან.

  

დღის ამბები