09 აპრილი 2020,   22:08
ვრცლად
ადამიანები, რომელთაც სამშობლოს თავისუფლებას სიცოცხლე შესწირეს - აგვისტოს ომის გმირები 

საქართველო ომის გმირებს იხსენებს. მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე და მთელ ქვეყანაში, სადაც რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულები განისვენებენ, დღეს ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას პატივს მიაგებდნენ.

25 წლის უმცროსი სერჟანტი რუსმა ოკუპანტებმა ტყვეობაში დახვრიტეს. შმაგი სოფრომაძის და, 11 წელია მის საფლავზე მარტო დადის, დიდი ტკივილი ყოველი აგვისტოს დასაწყისში უახლდება. ომის გმირი აგვისტოს მძიმე დღეებში დაჭრილ ჯარისკაცებს ბრძოლის ველიდან გამოსვლაში ეხმარებოდა. მტერმა გმირული საქციელი არ აპატია.

Related imageკიდევ ერთი ქართველი გმირი, გიორგი ანწუხელიძე ერთ-ერთია, რომელიც აგვისტოს ომის ისტორიაში გმირობის ყველაზე დიდ ამბავს ყვება. მან სამშობლოს არ უღალატა, საკუთარი დროშის შეურაცხყოფას სიკვდილი ამჯობინა. ისიც რუსმა ჯალათებმა წამებით მოკლეს. 11 წლის შემდეგაც, გმირის ქვრივი დარწმუნებულია, რომ გიორგი ანწუხელიძე აუცილებლად ცხოვრების იგივე, გმირობის გზას აირჩევდა.

ლეილა თანდაშვილი საკუთარ შვილს ბოლოს 7 აგვისტოს ესაუბრა. დედას ტელეფონზე დაურეკა და უთხრა, რომ მიდიოდა. მას შემდეგ, გმირი შვილის ხმა აღარ გაუგია. რამდენიმე თვის შემდეგ უთხრეს, რომ ალექსანდრე თანდაშვილი უცნობი ჯარისკაცის სახელით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებდა. გმირი შვილების გმირი დედები ძმათა სასაფლაოზე უკვე 11 წელია დადიან, მათ უმეტესობას საკუთარი შვილის ცხედარი არც უნახავს.

რუსულ აგრესიას აგვისტოს ომის დროს 170 ჯარისკაცი შეეწირა. მუხათგვერდში ძმათა სასაფლაოზე რუსულ ოკუპაციასთან მებრძოლი 33 გმირი განისვენებს. არჩილ ტატუნაშვილი ომს გადაურჩა თუმცა, რუსი სამხედროების აგრესიამ იმსხვერპლა. დედის სამშობლოში მიმავალს მოღალატეობის აღიარებას აძალებდნენ, გმირმა სიკვდილი ამჯობინა. შვილმკვდარი დედა იხსენებს, რომ არჩილი მონურ თავისუფლებას ვერ იტანდა მთელი სიცოცხლე ქვეყნის რეალური თავისუფლებისთვის იბრძოდა.

Image result for 8 აგვისტო მუხათგვერდზე2008 წლის აგვისტოს ომს ბევრი გმირობის ისტორია შემორჩა, შინდისის ბრძოლა 21-ე საუკუნის საქართველოს გმირული მატიანის დასაწყისად იქცა, მაშინ 17 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დღეს ომიდან 11 წელი გავიდა.

სისხლიან ისტორიას უცნობი გმირებიც შემორჩა, დღემდე მუხათგვერდის სასაფლაოზე ორი საფლავია, სადაც არავინ იცის ვინ განისვენებს, თუმცა ყველამ იცის, რომ იქ გმირები მიაბარეს მიწას. ომი 11 წლის წინ დასრულდა, თუმცა ქვეყნის ოკუპაცია პუტინის რუსეთის მიერ ყოველ დღე გრძელდება.   

დღის ამბები