17 ნოემბერი 2019,   12:20
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ნინო ქადაგიძე ადასტურებს, რომ 10-კაციან ხმაურიან სიაში მუქაუტაძის სურვილით მოხვდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულებულია. დღის ბოლოს საქალაქო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, ლაშა ქოჩიაშვილს გაესაუბრნენ, რომელიც ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, 9%-იანი წლის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სამოქალაქო საქმის მოსამართლეა.

მანამდე კი საბჭოში ნინო ქადაგიძეს მოუსმინეს. ის ერთ-ერთი იყო იმ 10-კაციან ხმაურიან სიაში, რომელმაც პარლამენტის უმრავლესობა განხეთქილებამდე მიიყვანა.

ნინო ქადაგიძემ დაადასტურა, რომ ამ სიაში გიორგი მიქაუტაძის სურვილით მოხვდა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა მიხეილ ჩინჩალაძესთანაც.

„საბჭოდან დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს ამ თანამდებობის დაკავება. მე არ მაქვს მეგობრული ურთიერთობა გიორგი მიქაუტაძესთან და მხოლოდ კოლეგიური ურთიერთობა ყველა იმ პირთან, რომელიც ამ სიაში იყო წარმოდგენილი,“ - განაცხადა ქადაგიძემ.

ნინო ქადაგიძის განცხადებით, ის მოსამართლეთა იმ უმრავლესობას მიეკუთვნება, რომლებიც ერთი იდეის გარშემო არიან გაერთიანებული.

„თანამოაზრეები ყველგან არიან, ყველა სისტემაში არიან, ჩვენი იდეა არის, შევქმნათ ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო,“ - ამბობს ქადაგიძე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ გასაუბრების დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მოსამართლეთა უმრავლესობის ბიოგრაფია  მიხეილ ჩინჩალაძის სახელთან არის დაკავშირებული.

„ბევრი ჩვენ წინაშე გამოსული კონკურსანტის ბიოგრაფია პირდაპირ დაკავშირებული არის მიხეილ ჩინჩალაძის სახელთან და გვართან ან მის საქმიანობასთან პროკურატურაში ან მის საქმიანობასთან უზენაეს სასამართლოში, ან მის საქმიანობასთან სააპელაციო სასამართლოში. სწორედ აქედან არის განპირობებული ის რეაქცია, მგრძნობიარე რეაქცია, რომელიც გამოხატულია ჩარევით, გაწყვეტინებით, რომელსაც გამოხატავენ იუსტიციის საბჭოს წევრები,“ - ამბობს დოლიძე.

არამოსამართლე წევრის კრიტიკა მიუღებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის, დიმიტრი გვრიტიშვილისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ არ ბრძანდებოდნენ ქალბატონი დოლიძე და ქალბატონი ჯანეზაშვილი, ამას არ შეუშლია ჩვენთვის ხელი, რომ გამოგვეკვლია კანონით დადგენილი წესით კანდიდატების კეთილსინდისიერებაც და კომპეტენტურობაც“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები