17 ნოემბერი 2019,   12:21
ვრცლად
სისხლიანი ღამის ავტორი, გახარია კამერებს ემალება - 50-დღიანი პაუზის შემდეგ კი ანზორ ჩუბინიძე გამოჩნდა

გავრილოვის სისხლიანი ღამის ავტორი, გიორგი გახარია კამერებს ემალება. 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავისადმი მიძღვნილმა საჯარო ღონისძიებებმა ისე ჩაიარა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არსად გამოჩენილა.

50 დღიანი პაუზის შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ფავორიტის და გავრილოვის ღამის კიდევ ერთი ავტორის გამოჩენამ ოპოზიციაში ახალი შეკითხვები გააჩინა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ანზორ ჩუბინიძე პროკურატურას ამ დრომდე არ დაუკითხავს, ბიძინა ივანიშვილის პირადი მფარველობაა.

საპარლამენტო ოპოზიცია ჩუბინიძის დაკითხვას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფორმატში გეგმავს, რომლის შექმნასაც საშემოდგომო სესიაზე მოითხოვს.

მმართველი გუნდის დაპირების მიუხედავად, 20 ივნისის სისხლიანი დარბევის გამოძიებას არსებული ხელისუფლების პირობებში გამორიცხავენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. ამბობენ, რომ ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება არა აქვს და ცდილობს, დანაშაულის მთელი პასუხისმგებლობა აქციის მონაწილეებს გადააბრალოს.

20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევის გამო, ათობით ადამიანი დაჩავდა და დასახიჩრდა. ამის ფონზე პროკურატურამ ბრალი მხოლოდ ორ სამართალდამცველს წაუყენა. სამაგიეროდ, უფრო მეტი დამნაშავე აქციის მონაწილეებში აღმოაჩინა და 19 პირი დააკავა.

დღის ამბები