20 იანვარი 2020,   19:46
ვრცლად
საქმე გვაქვს ნულოვან კომპეტენციასთან - ნიკა გვარამია პროკურორებზე საუბრობს

„აქ გვაქვს საქმე ნულოვან კომპეტენციასთან“, - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში პროკურორების განცხადებების შეფასებისას გააკეთა.

"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის თქმით, გირაოს შეფარდების მოთხოვნის საფუძვლებზე საუბრისას პროკურორთა განცხადებები არაკომპეტენტურია.

ნიკა გვარამიამ ასევე გააკრიტიკა პროკურორების განცხადება, რომ მან მეგობრების კომპანიასთან დადო კონტრაქტი. გვარამიას თქმით, ის ზურაბ გუმბერიძის მეგობარი არ არის და მასთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა აკავშირებს.

"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორისთვის ასევე გაუგებარია, რატომ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება ნინო ნიჟარაძის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე, რადგან სამაუწყებლო კომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელი რეალურად მესაკუთრე აღარ არის.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობენ.

პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. გვარამიას თქმით, ის არ აპირებს გირაოს თანხის გადახდას.

დღის ამბები