17 ნოემბერი 2019,   11:23
ვრცლად
პაატა შავაძე ნაზი ჯანეზაშვილს: "თქვენ нквд-ს მეთოდებით აწარმოებთ ადამიანების დაკითხვას"

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებასნ აგრძელებს. ადვოკატ პაატა შავაძესთან გასაუბრება ხმაურის ფონზე წარიმართა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვებმა გააღიზიანა. საბჭოს არამოსამართლე წევრი დაინტერესდა, მისი აზრით, რა გააკეთა მიხეილ ჩინჩალაძემ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. 

პაატა შავაძემ განაცხადა, რომ ნაზი ჯანეზაშვილმა უფრო მეტად პოზიტიური განცხადებები უნდა გააკეთოს, თუნდაც მაგალითისთვის იმასთან დაკავშირებით, რა კეთდება დადებითი სასამართლო სისტემაში.

„ბატონ დიმიტრი გვრიტიშვილთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მე პირადად მოხარული ვიყავი ყოველთვის, როდესაც ბატონ დიმიტრისთან მიწევდა პროცესები, როგორც ადვოკატს, რაც შეეხება მიხეილ ჩინჩალაძეს, ეს არის უძლიერესი იურისტი ჩვენს სინამდვილეში, არის ძალიან ძლიერი მენეჯერი. მიხეილ ჩინჩალაძესთან მე პროცესები არ მქონია, მაგრამ მე მას ვიცნობ, მის გადაწყვეტილებას ვიცნობ,“ - ამბობს პაატა შავაძე.

შავაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილი нквд-ს ტიპის კითხვების დასმაში დაადანაშაულა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ნაზი ჯანეზაშვილმა ჰკითხა, განცხადებები, რომელიც მან საბჭოს წინაშე გააკეთა, რამდენად დადებითად აისახებოდა მის პროფესიული საქმიანობის წინსვლაში.  

„სასამართლო ხელისუფლების კმაყოფილი ვარ, ადამიანები, რომლებიც რეფორმირებით არიან დაკავებულები და სასამართლო რეფორმები გაატარეს და ჩვენი მართლმსაჯულება დღეს მიყვანილია იმ დონემდე, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და კლანები არ არსებობს, თქვენ ჩემ მარკეტინგს ამით თუ იწუნებთ... ვერ მივხვდი თქვენი შეკითხვის შინაარს. მერე მეორე, მე თუ მოვედი აქ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, ღმერთის წყალობით გავხდები კიდეც... თქვენ  нквд-ს მეთოდებით აწარმოებთ ადამიანების დაკითხვას ქალბატონო ნაზი,“ - ამბობს პაატა შავაძე.

პაატა შავაძემ განაცხადა, რომ ის ნაზი ჯანეზაშვილის კითხვებს არ უპასუხებს და საბჭოს არამოსამართლე წევრს ბოიკოტი გამოუცხადა. 

ამ წუთებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს თსუ-ს პროფესორი, მორის შალიკაშვილი პასუხობს. 

დღის ამბები