21 აგვისტო 2019,   08:09
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე - მიხეილ კალანდიას საქმეზე სასწრაფო დახმარების ექიმები გამოიკითხნენ 

ხორავას ქუჩის საქმე - საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესი დასრულდა.  თავდაპირველი ინფორმაციით,  ხორავას ქუჩის მცხოვრებლები უნდა დაეკითხათ, თუმცა პროცესის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ ჩვენებები სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა მისცეს.

დავის ორივე მხარემ განაცხადა, რომ ექიმების ჩვენებები მათთვის სასარგებლო ინფორმაციას შეიცავდა.

ბრალდებულის ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ექიმებმა ირიბად დაადასტურეს, რომ შესაძლოა სამედიცინო მანიპულაციების დროს დათუნა სარალიძის სხეულზე ის ჭრილობა დაეზიანებინათ, რომლის მიყენებასაც მიხეილ კალანდიას ედავებიან.

კალანდიას ინტერესების დამცველი ასევე, საქმეში ნივთიერი მტკიცებულებების არ არსებობაზე საუბრობს.

„ნივთიერი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. რაც შეეხება წერილობით მტკიცებულებებს, ეს არის ძირი საქმიდან გადმოტანილი წერილობითი მტკიცებულებები. ახალი, რაც საქმე გამოიყო და მიხეილ კალანდიას ბრალი წარედგინა, ახალი მტკიცებულებები მისი ბრალის დასადასტურებლად დღემდე პროკურატურას წარმოდგენილი არ აქვს,“- განაცხადა ადვოკატმა.

საპირისპიროს ამბობს საქმის პროკურორი. ბესიკ ქვარცხავას თქმით, საქმეში ყველა სახის მტკიცებულება არსებობს, მათ შორის, ნივთიერი და წერილობითი და აგრეთვე არიან პირდაპირი მოწმეებიც, რომლებიც უშუალოდ შემთხვევის შემსწრეები არიან.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არის ბრალდების მხარის მიერ დაახლოებით 150 მოწმე, მათ შორის არიან მოწმეები, რომლებიც გარკვეულწილად პირდაპირ ადასტურებენ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც პირდაპირ კავშირში არის ბრალდებული მ.კ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან, მათ შორის ის არასრულწლოვნები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე.  რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არის დაახლოებით 150 მოწმის ჩვენება, ასევე, წარმოდგენილი იქნება არაერთი ვიდეოჩანაწერი, წარმოდგენილი იქნება ათეულობით წერილობითი მტკიცებულება, ასევე, წარმოდგენილი იქნება ათეულობით ნივთიერი მტკიცებულება,“- განაცხადა პროკურორმა.

მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე მომდევნო სხდომა 16 აგვისტოს გაიმართება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები