21 სექტემბერი 2019,   18:09
ვრცლად
"მოღალატეობრივი" - ექსპერტები 2008 წლის აგვისტოს ომზე ტელე "იმედის" სკანდალურ ფილმს აფასებენ 

ფილმი, რომელიც პირდაპირ პასუხობს პუტინის ნარატივს - ასე ეხმაურებიან ტელე "იმედის" ეთერში, აგვისტოს ომზე გასულ ფილმს ექსპერტები.

"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ ეს ფილმი დამაზიანებელია მთლიანად სახელმწიფოსთვის და ასევე "ქართული ოცნებისთვის", რომელიც მისი ავტორია. მისივე თქმით, ახლა რუსეთს აქვს შესაძლებლობა თქვეს - ხომ ვამბობდითო.

"ძალიან რთულია ქართული სახელმწიფოებრივი ლოგიკა დაინახო იმ ფილმის უკან რაც გავიდა იმედზე. ფილმი არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის, მის ინტერესებისთვის. ასევე დამაზიანებელია და საკმაოდ სულელურია "ქართული ოცნებისთვისაც", რომელიც ამ ფილმის აშკარა ავტორია. ფილმის მთელი ნარატივი, რომელიც ცდილობს გვანახოს რამდენად ბევრი შეცდომები დაუშვა 2008 -ში ქართულმა სახელმწიფომ, პრაქტიკულად იმ განცხადების საშუალებას იძლევა რუსეთის მხრიდან, რომ აი მართლები ვიყავით. იქ რუსები ხომ არ ამბობენ, რომ ჩვენ ჯარი არ შემოგვიყვანიაო. რუსები ამბობენ, რომ ქართველებმა გვაიძულესო. ოპერაციას ერქვა: მშვიდობის დაძალება. ზუსტად ამას ანახებს ეს ფილმი, რომ ქართველებს მშვიდობა დასაძალებელი გაუხდათ,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ფილმს მოღალატეობრივს უწოდებს ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დირექტორიც. პაატა გაფრინდაშვილის განცხადებით, სამწუხაროა განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ასეთი ფილმის მომზადება და გაშვება მოხდა ომის წლის თავზე.

მოღალატეობრივია იმიტომ, რომ ეს არის კრემლის ნარატივის გაგრძელება.განსაკუთრებით სავალალოა რომ ასეთი რამეები ხდება ომის წლის თავებზე. მაშინ როდესაც მართლაც მორალური ვალდებულებაა და ეროვნული ვალდებულებაა ჩვენი რომ გმირები მოვიგონიოთ. ახლოვდება 2020 წლის არჩევნები და ხდება ოპონენტის დემონიზება ამა თუ იმ საშუალებით,“-განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.

ტელე იმედზე გასულ ფილმზე მასალა mediachecker​-მა გამოაქვეყნა. უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი -ერთში იმეორებს- ასე აფასებს მედია ჩეკერი ფილმს, რომელსაც მწვავე კრიტიკა უვე მოჰყვა.

„ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას”-წერს mediachecker​, რომელიც ფილმზე მასალას აქვეყნებს.

მოგვიანებით ტელე "იმედის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ფილმი მისი პროდუსინგით არის გადაღებული და მისი ავტორი მერაბ მამარდაშვილია.

  

ამავე თემაზე
დღის ამბები