21 აგვისტო 2019,   08:10
ვრცლად
ძალადობის წახალისება - შს მინისტრი 20 ივნისის ძალადობის მთავარ შემოქმედ პირებს აწინაურებს

ჟურნალისტების დევნა, აქციის მონაწილეების ცემა და პარლამენტის წევრის შენობიდან გამოძევება - შინაგან საქმეთა სამინიტროს მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს და კონსტიტუციას კამერების წინ, პირდაპირ ეთერში არღვევდა გიორგი გახარიამ დააწინაურა. 20 ივნისის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, ვაჟა სირაძეს, საქართველოს საპატრულო პოლიცია ჩააბარეს.

საპატრულო პოლიციის უფროსად იმ მაღალჩინოსნის დანიშვნა, რომელიც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენდა, ოპოზიციის აზრით, გახარიას გზავნილია ხალხისთვის, რომ პოლიცია კიდევ უფრო მეტად მოძალადე ხდება.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ გადამწყვეტი არჩევნების წინ, პოლიცია ძალაუფლებას აძლევს ადამიანებს, ვინც რეპრესიებს ხალხის წინააღდეგ ყველაზე უკეთ ახორციელებს. 

სირაძე ერთადერთი არ არის, ვინც გიორგი გახარიამ 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ ახალ თანამდებობაზე დანიშნა. ქვემო ქართლის საპატრულო პოლიცია, ალექსანდრე ბირთველიშვილს ჩააბარეს. გავრილოვის ღამეს ისიც აქციის მონაწილეების წინააღდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

„კურიერის“ არქივში ინახება კადრები, სადაც ჩანს, რომ ბირთველიშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან, ანზორ ჩუბინიძესთან ერთად კიბიდან ყრის პარლამენტის წინ შეკრებილ ახალგაზრდებს. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებისთვის მოძალადეების დაწინაურება გახარიას პირდაპირი გზავნილია, რომ მინისტრი ახალისებს მათ, ვინც არბევს პროტესტის მონაწილებს.

20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ, გახარიამ ძალადობის მონაწილე პოლიციელები დააწინაურა, პროკურატურას კი არ დაუკავებია ადამიანები, რომლებიც ხალხს დამიზნებით ესროდნენ, დაკავებულებს ამცირებდნენ და არა ადამიანურად ეპყრობოდნენ. არ დაუკითხავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, რომელიც დარბევასა და სროლას პირადად ხელმძღვანელობდა. ოპოზიცია ამბობს, რომ საზოგადოების დაცინვისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

პროტესტის გახარიას გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე გრძელდება. 20 სექტემბრიდან ახალგაზრდების უწყვეტი აქციები ახალ მასშტაბს მიიღებს. რუსთაველი გამზირზე ადამიანები არ დაიშლებიან მანამ ვიდრე, სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი მინისტრი გახარია პოსტს არ დატოვებს.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები