15 დეკემბერი 2019,   10:11
ვრცლად
მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი ოჯახები - გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია დაასრულეს 

უკანონო ბორდერიზაციის მორიგი პროცესი - გუგუტიანთკარში მცხოვრებლები იძულებულები არიან, სოფელი მიატოვონ და თავშესაფარი სხვაგან ეძებონ. ომგამოვლილი ადამიანები, რომლებმაც სახლები შიშველი ხელებით დაიცვეს, ოკუპაციის ახალი ტალღის ახალი მსხვერპლები გახდნენ.

დაპირების მიუხედავად, ხელისუფლებამ მათი სოფლის მავთულხლართებით დაჩეხვის პროცესი ვერ შეაჩერა. ადამიანები გუგუტიანთკარში ავტომატიანი რუსი ოკუპანტის წინაშე აღმოჩნდნენ, ბოლო ორ დღეში ელვის სისწრაფით საოკუპაციო ღობეები მათ ეზოებში გაავლეს.

გუგუტიანთკარში მოსახლეობა გაბრაზებულია, რომ მათი ბედით არავინ დაინტერესდა. მავთულხლართების გავლების პროცესი იქ 7 აგვისტოს დაიწყო. მაშინ ჟურნალისტების აქტიურობის გამო, ოკუპანტები შეჩერდნენ, ხალხმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილზე ჩასვლა და შველა სთხოვა. თუმცა, რკინის ღობეებით მათი სოფელი ისე დაჩეხეს, რომ მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი გუგუტიანთკარში არ ჩასულა.

მოსახლეობა წუხს, რომ ხელისუფლების ასეთი უყურადღებობის გამო, ადგილობრივები შიშში ცხოვრებას იქ ვეღარ გააგრძელებენ და სოფელი დაიცლება. ეს კი საოკუპაციო რეჟიმს კიდევ უფრო გაუმარტივებს საქმეს, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს და დამატებითი ტერიტორიებიც მიიტაცოს.

ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც 2 დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ქართული სახელმწიფოს ძალისხმევით პროცესი საოკუპაციო რეჟიმმა შეაჩერა, დღეს კამერებთან საერთოდ არ გამოჩენილა. სახელმწიფო მინისტრის კომენტარი, ახალი მავთულხლართების გავლებაზე უწყების პრესსამსახურმა ჩაწერა და გაავრცელა.

ბორდერიზაციის მორიგი პროცესი გუგუტიანთკარში 6 აგვისტოდან დაიწყო. ბოძების დამონტაჟებიდან 1 კვირის თავზე კი მავთულხლართებიც გაავლეს.

მოსახლეობის კუთვნილი ნაკვეთების გარდა, ე.წ საზღვარს მიღმა დარჩა წყლის ავზი, რომლითაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობა მარაგდებოდა და რომლის პროექტის განხორციელებაც მილიონობით ლარი დაჯდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები