21 აგვისტო 2019,   08:11
ვრცლად
ვინც ჩემს შვილს ესროლა დააწინაურეს... ეს სულში ჩაფურთხებაა - 20 ივნისის დარბევის მონაწილე პოლიცილების დაწინაურებას, მომიტინგეების ოჯახის წევრები ეხმაურებიან

20 ივნისის ღამეს, ძალადობაში მონაწილე სამართალდამცველების დაწინაურებას, დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები ეხმაურებიან. მათი თქმით, სირცხვილია, როდესაც სავარაუდო კანონდამრღვევ პოლიციელებს გახარია აწინაურებს, ხოლო აპატიმრებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ქუჩაში რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

„იმ ხელისუფლებამ რომელმაც  დახვრიტა, რომელმაც დათხარა თვალები, რომელმაც დააპატიმრა ეს ბიჭები არ აქვს უფლება  გამოძიება ჩაატაროს. თავად არის დამნაშავე ეს ხელისუფლება და თავად ჩემს შვილს ესროლეს, ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ის დაჭერილია და მის მსროლელ პოლიციელებს აწინაურებენ. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი კი არა, სულში ჩაფურთხებაა,“-განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ, მაგული გობეჯიშვილმა.

20 ივნისის მონაწილე პოლიციელებს დაწინაურებას ეხმაურება მალხაზ მაჩალიკაშვილიც. მისი თქმით, გახარია დამნაშავე სამართალდამცავებს მხოლოდ ერთი მიზნით აწინაურებს, რომ დააშინოს ახალგაზრდები.

„ისინი დააწინაურეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს თვალები დათხარეს? ალბათ იმისთვის, რომ შემდგომში დანარჩენი ახალგაზრდობა შეაშინონ. სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია რაც ამათ გააკეთეს. ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, უდანაშაულო ბავშვები ციხეში გამოკეტეს და ესენი პოლიციას აწინაურებენ. სირცხვილი ამათ. შევაფურთხე ამათ სახეში,“-განაცადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პატრულის მაღალჩინოსანი ალექსანდრე ბირთველიშვილი, რომელიც აქციის მონაწილეებს კიბიდან ყრიდა, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის შეფად დაინიშნა. გარდა ამისა, დააწინაურეს 20 ივნისს, მოქალაქეებზე ძალადობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ვაჟა სირაძეც, ის საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. სირაძე არის ის მაღალჩინოსანი, რომელმაც პარლამენტის წევრი ნიკა მელია შენობიდან გამოაძევა, ასევ კანონის დარღვევით და ძალის გამოყენებით ქუჩაში გამოაძევა საკანონდებლო ორგანოდან  "კურიერის" ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი და ოპერატორი გიორგი კვიწინიძე.

დღის ამბები