21 ოქტომბერი 2019,   17:58
ვრცლად
"კონტის" კონსორციუმიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია შევიტყვეთ პრესიდან - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი 

ანაკლიის კონსორციუმიდან ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანიის, „კონტრი ჯგუფის“ გასვლას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეხმაურება. დავით ჯავახაძე ამბობს, რომ ინფორმაცია სააგენტომ მედიიდან შეიტყო. მისი თქმით, "კონტი ჯგუფის" მიერ პროექტის დატოვებასთან დაკავშირებით კონსორციუმს ინფორმაცია ჯერ არ წარუდგენია.

ჯავახაძის განცხადებით, ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფი" აღარ მონაწილეობდა ხელშეკრულებების ცვლილებებზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, თუმცა ის რჩებოდა მსხვილ აქციონერად. მისივე თქმით,  ინვესტორს გააჩნია ვალდებულება ნებისმიერი აქციების გასხვისება შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, რასაც ადგილი არ ჰქონია. 

„კომპანია "კონტის" კონსორციუმიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია შევიტყვეთ დღეს პრესის მეშვეობით. კონსორციუმს რაიმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია. 2018 წლისა 6 დეკემბრიდან კომპანია "კონტი" ინვესტორის მენეჯმენტში აღარ მონაწილეობდა, ასევე აღარ მონაწილეობდა ხელშეკრულების ცვლილებებზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, თუმცა ის რჩებოდა მსხვილ აქციონერად პროექტში. აქვე მინდა დავამატო, რომ საინვესტიციო შეთანხმების შესაბამისად, ინვესტორს გააჩნია ვალდებულება ნებისმიერი აქციების გასხვისება შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, რასაც ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა დავით ჯავახაძემ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკულმა "კონტი–ჯგუფმა" დატოვა. ინფორმაციას სააგენტო accentnews.ge ავრცელებს. მიზეზად პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები სახელდება, რომლის ფარგლებშიც მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება.

ანაკლიის პორტის ინვესტორი ბანკების მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8 მთავარი მოთხოვნიდან, 7-ზე შეთანხმება შედგა. დარჩა მხოლოდ ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევას ეხება.

ამავე თემაზე
დღის ამბები