09 აპრილი 2020,   22:03
ვრცლად
"სტატუსკვო მიუღებელია - კონფლიქტის შედეგად დაზარალებულები უკეთესს იმსახურებენ"- დიპლომატები გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე 

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესის განახლებას დიპლომატები და დასავლელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი Twitter-ის ქსელში წერს, რომ გუგუტიანთკარში ახალი რუსული მავთულხლართები გაავლეს.

დიპლომატის შეფასებით, მსგავსი ქმედების მიზანი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის გაყოფა და ოჯახებისთვის სირთულეების გამოწვევაა, რაც უნდა შეწყდეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტი კი წერს, რომ ისინი იზიარებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეშფოთებას მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გამო. ზიბერტის თქმითვე, ამას ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირდაპირი უარყოფითი გავლენა აქვს.

განცხადებას ავრცელებს სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც. მიროსლავ ლაიჩაკი წერს, რომ აგვისტოში საქართველო ომსა და ომის დროს დაღუპულებს იხსენებს. ის მოუწოდებს ყველა მხარეს იმუშაონ მშვიდობისთვის და ადგილობრივი მოსახლეობა პირველ ადგილას დააყენონ.

"სტატუსკვო მიუღებელია-კონფლიქტის შედეგად დაზარალებულები უკეთესს იმსახურებენ"- წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები