09 აპრილი 2020,   21:51
ვრცლად
რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგიური გათხრებისას ორი მეტრი სიმაღლის ნაგებობა გამოჩნდა

ასპინძის რაიონის სოფელ ზველში ორი მეტრი სიმაღლის ნაგებობა გამოჩნდა. ნაგებობა რომელიც დაახლოებით, 50 საუკუნეს ითვლის, რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს. ის კავკასიის რეგიონში გამორჩეულია მისი არქიტექტურული მახასიათებლებით.

ამ ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, საუკუნეების წინ მასშტაბური დასახლება იყო. აღსანიშნავია, რომ სოფელ ზველში ცხოვრების უწყვეტი კვალი ადრებრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით ფიქსირდება. სწორედ ამიტომ რაბათის ნამოსახლარი საინტერესო პროექტია, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერებისთვის.

მიწაზე მუშაობისას არქეოლოგებმა არაერთი მნიშვნელოვანი ნივთი და მასალა აღმოაჩინეს. მაგალითად, ისეთი სადგამი, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ უნახავთ.

არქეოლოგიური გათხრების სეზონი რაბათის ნამოსახლარზე დღეს დასრულდა. პროექტი, რომელსაც ეროვნული მუზეუმი, შოთა რუსთაველის სახელობის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს, თვენახევარი ადგილზე მუშაობის შემდეგ, უკვე ლაბორატორიებში გადაინაცვლებს.

დაკონსერვებული ნაგებობები მომავალ წელს ისევ გაიხსნება და არქეოლოგიური სამუშაოებიც გაგრძელდება.

დღის ამბები