17 სექტემბერი 2019,   09:30
ვრცლად
საცხობი, სილამაზის სალონი, მაღაზია - სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა ერთ ღამეში რამდენიმე ობიექტი გაქურდეს

თბილისში, ტაშკენტის 10 ნომერში, ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს. დანაშაული სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს. წაღებული ნივთების ღირებულება, დაახლოებით 1000 ლარია.

"რაც შეძლეს წაიღეს, არის დაფიქსირებული ვიდეოკამერები გვიყენია, ძალიან მშვიდად, 3-4 წუთის განმავლობაში, რაც შეძლეს, ყველაფერი წაიღეს. რასაც ვერ მოერივნენ ძირს დაყარეს და ტროტუარზე და სადარბაზოებში ვპოულობთ ნივთებს. ტანსაცმელი, სუნამოები, სათვალეები, თანხა არ ვიცით რამდენი იყო,"-აცხადებს მაღაზიის მეპატრონე, ნინო ჩარკვიანი.

მისივე თქმით, ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა. დამნაშავეები იმდენად მომზადებულები იყვნენ, რომ დაცვის სამსახურმა მათ ვერ მოუსწრო.

როგორც ნინო ჩარკვიანი აცხადებს, მის მაღაზიასთან ერთად გაქურდულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხობი და სილამაზის სალონი.

როგორც შსს-ში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით აღიძრა. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

დღის ამბები