17 სექტემბერი 2019,   09:22
ვრცლად
მელაძის, გაბუნიას, ლაფერაშვილის წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა - პაატა სალია

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია მის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში დავის დაწყებას აანონსებს.

პაატა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნოდარ მელაძის, გიორგი ლაფერაშვილის და გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ, გვარამიას საქმის მსგავსად სასამართლოში დავა მოუწევს კომპანიას.

„მელაძის და სხვების, მათ შორის, ლაფერაშვილის, ანჯაფარიძის, გაბუნიას გათავისუფლება გამოწვეულია იმ ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე, იმ ზარალიდან გამომდინარე, რომელიც კომპანიას მიადგა და ჩვენ ვფიქრობთ, ისევე როგორც გვარამიას წინააღმდეგ ამ პირების წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა და შესაბამისად, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ვედავოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან არიან წამყვან თანამდებობებზე, აშკარად შეუთავსებლობა და ინტერესთა კონფლიქტი იქნება“, - განაცხადა სალიამ.

სალია ამბობს, რომ არსებობს გარკვეული დასაბუთებები და ამის ერთ-ერთ მაგალითად, ბინების საქმე მოჰყავს.

„გარკვეული ნაწილი დასაბუთების არსებობს, არსებობს იმასთან დაკავშირებით, რაზეც უკვე ვისაუბრე, რაც 2015 წელს მოხდა, შემდეგ იყო შეძენილი ბინები 2016-ში, რაღაც თანხების განაწილება მოხდა 2017-ში, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ სამოქალაქო სარჩელში,“ - ამბობს სალია.

ლაფერაშვილი, კვესიტაძე და გაბუნია შვებულებაში არიან, შესაბამისად ისინი დაკავებულ თანამდებობას შვებულების დასრულებამდე დაიკავებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები