15 სექტემბერი 2019,   19:02
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა  

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში - ამის შესახებ განცხადება მედელინ მუნმა  არჩილ თალაკვაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პარტნიორობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მედელინ მუნმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ნატოს სტანდარტებთან მიახლოების მნიშვნელობაზე. 

„მე გამიჭირდება სიტყვებით იმის გადმოცემა, რამდენად მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობები და თქვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია, იარო წინ და გქონდეს შესაძლებლობა უპასუხო და შესაბამისობაში მოხვიდე ნატოს წევრობის სტანდარტებთან. ახლა თქვენს გზაზე დგახართ, ეს არ არის მარტივი გზა, ეს მძიმე გზაა. მიზანი ამად ღირს, თქვენ ძალიან ბევრი იშრომეთ, რომ აქამდე მოსულიყავით. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ და მომავალშიც მხარს დაგიჭერთ. თქვენ მუდმივად ხართ ჩვენს გონებაში, არ დაგვიწყებიხართ, ჩვენ გვინდა, რომ წარმატებულები იყოთ“ - განაცხადა მედელინ მუნმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ნატოს ყველა ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანი მტკიცეა. 

„ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და საქართველო აკმაყოფილებს ნატოს ყველა ძირითად მოთხოვნას. საქართველო რჩება და მომავალშიც იქნება რეგიონში ნატოს და დასავლური ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე და პარტნიორი. ჩვენი საგარეო პოლიტიკური არჩევანი არის მტკიცე. ეს არ შეიცვლება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან და ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვქმნით მომენტს საზოგადოების მხარდაჭერით, როდესაც ეს მიზანი შესრულდება“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.  

დღის ამბები