23 ოქტომბერი 2019,   15:41
ვრცლად
„მეტადონის“ შემცველი 84,65 გრამი ნარკოტიკული საშუალება - დაკავებულია საქართველოს მოქალაქე

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზ.კ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. უწყების თანამშრომლებმა, მისი პირადი ჩხრეკისას „მეტადონის“ შემცველი 84,65 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები