23 ოქტომბერი 2019,   15:50
ვრცლად
ოკუპირებულ ახალგორსა და სოფელ ჩორჩანას მეტი ყურადღება სჭირდება - გერმანიის ელჩი  

ოკუპირებულ ახალგორსა და სოფელ ჩორჩანას მეტი ყურადღება სჭირდება - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს. ის ყურადღებას ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ამახვილებს.

„თვალს ვადევნებთ ადმინისტრაციულ საზღვრისპირა რეგიონებში მდგომარეობას. ასევე, კავშირზე ვართ ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან. მათ გააჩნიათ უფრო მეტი დეტალი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ვაკვირდებით ახალგორთან დაკავშირებულ ამბებს, რომ ჩაიკეტა ე.წ. გამშვები პუნქტი. ვიცით, რომ სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებული სიტუაციაც არ არის გადაჭრილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში გაკეთდა ერთობლივი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევებზე და იმის შესახებ, რა მძიმე მდგომარეობაში არიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დიდ ყურადღებას იმსახურებს“, - განაცხადა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ კნირშმა.

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი 9 სექტემბერს ჩაკეტა. დე ფაქტო ხელისუფლება გადაწყვეტილებას ქართულ მხარესთან დაძაბულობის გამწვავებით განმარტავს. აცხადებს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტები მუშაობას ვითარების ნორმალიზების შემდეგ განაახლებენ.

14 სექტემბერს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით გახსნეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილისთვის, რომელმაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტი ოკუპირებული ტერიტორიიდან გულის შეტევის დიაგნოზით გადაიყვანა. 

 

დღის ამბები