23 ოქტომბერი 2019,   15:40
ვრცლად
92 დღე 20 ივნისის სისხლიანი მოვლენებიდან - პოლიტიკოსები განვლილ 3 თვეს აფასებენ 

20 ივნისი არის დღე, როდესაც ხელისუფლებამ ნამდვილი სახე გამოავლინა – ასე აფასებენ ოპოზიციის წევრები პარლამენტის წინ მიმდინარე სამთვიან აქციებს. მათი განცხადებით, ის, რომ მთავრობას ხალხის აზრი არ აინტერესებს, გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე დანიშვნამაც დაადასტურა. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ კანონის ფარგლებში აზრის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობა თითოეულ მოქალაქეს გააჩნია.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების დაცინვად აფასებენ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას. მათი თქმით, უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი "გავრილოვის ღამის" მთავარი შემოქმედია, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

"როდესაც მოსახლეობის სამოცდაათი პროცენტი ამბობს, რომ მოხდა ძალის გადამეტება გავრილოვის ღამეს ხელისუფლების მხრიდან და მთავარი შემოქმედი ამ ძალადობისა არის გიორგი გახარია და მის გადაყენებას ითხოვს საზოგადოების დიდი ნაწილი მათ შორის უწყვეტი აქციებით, ხოლო ამ ადამიანს ნაცვლად იმისა, რომ ვხედავდეთ გადაყენებულს, როგორც მინიმუმ ან ვხედავდეთ ბრალდებულის სკამზე ვხედავთ პრემიერ-მინისტრის სავარძელზე, ეს არის საზოგადოების დაცინვა," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

"ევროპულ საქართველოში" აღნიშნავენ, რომ 20 ივნისს ხელისუფლებამ ნამდვილი სახე გამოავლინა. სერგო რატიანის განცხადებით, ამ მოვლენებთან ერთად დაიბადა სრულიად ახალი საზოგადოება, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში ახალი სიტყვა თქვა. 

"20 ივნისი არის დღე, როდესაც ხელისუფლებამ ბოლომდე გამოავლინა საკუთარი სახე და დასაჯა ადამიანები, იმის გამო, რომ ისინი, ფაქტობრივად, აპროტესტებდნენ ოკუპანტის შემოსვლას პარლამენტში, მაგრამ ასევე ეს არის დღე, როდესაც გამოჩნდა სრულიად ახალი საზოგადოება, ახალგაზრდები, რომლებმაც თქვეს ახალი სიტყვა და ისინი არიან ფლაგმანები ამ საპროტესტო აქციებისა," - განაცხადა სერგო რატიანმა.

უმრავლესობაში 20 ივნისის ღამის მოვლენებზე საუბრისას აცხადებენ, რომ მოქალაქეთა აქციას ძალადობრივი სახე ჰქონდა. სოფო კილაძის განცხადებით,  ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტი პარლამენტზე შტურმის განსახორციელებლად გამოიყენა. 

"ძალადობრივი ხასიათი ვნახეთ, რომ ჰქონდა შემთხვევას, როდესაც მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი, სამწუხაროდ, ოპოზიციის ზოგიერთმა წევრმა გამოიყენა იმისთვის, რომ შტურმი მიეტანა პარლამენტზე და დანარჩენი ვინც ჩაჯდება ასე, რომ ვთქვათ მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის ფარგლებში, ყველა ამ ადამიანს ექნება გარანტირებული უფლება, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს საჯაროდ," - განაცხადა, სოფო კილაძემ.

დღის ამბები