22 ოქტომბერი 2019,   21:36
ვრცლად
"გნებავთ ჩამითვალეთ, რომ ამ კითხვას გავექეცი"- მოსამართლეობის კანდიდატი სანდრო გირგვლიანის საქმეზე

პარლამენტის დამოუკიდებელი კანდიდატი ეკა ბესელია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, მერაბ გაბინაშვილთან გასაუბრებისას დაინტერესდა, რას ფიქრობდა კანდიდატი სანდრო გირგვლიანის პროცესისას საქმის მოსამართლის, ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებებზე.

“არავინ არ იცის, როდის, რა საქმეზე, რა გარემოება შეიძლება გაცოცხლდეს და განსჯისა და სამართლებრივი შეფასების საგანი გახდეს. გნებავთ, ჩამითვალეთ, რომ ამ კითხვას გავექეცი“ - ასე უპასუხა გაბინაშვილმა ბესელიას კითხვას.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის კითხვაზე, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, იღებდნენ თუ არა მოსამართლეები პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, გაბინაშვილმა უპასუხა, რომ არ იღებდნენ.

“ზუსტად ლევან მურუსიძე იყო ადამიანი, რომელიც კონფერენციებზე გამოდიოდა და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ამბობდა, რომ ჩვენ უნდა ჩამოვიყალიბოთ საერთო აზრი, თვითონ სასამართლო ხელისუფლება რას ფიქრობს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ყველას ჰქონდა თავისი აზრი“ - განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო. 

დღის ამბები