22 ოქტომბერი 2019,   21:34
ვრცლად
"ზურაბ ნადირაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის არ მიგვიმართავს"- ადვოკატი

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ზურაბ ნადირაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ არც მას და არც მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ.

ადვოკატი აცხადებს, რომ მას ამ ვითარებაში შეწყალება ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის ზურაბ ნადირაძე, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, 1994 წელს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა გიორგი ქოიავა, გრიგოლ ნატროშვილი, გიორგი კირკიტაშვილი და იოსებ ქოიავა. ეს უკანასკნელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ზურაბ ნადირაძე იმავე წელს ძებნილად გამოცხადდა, 2000 წლიდან კი ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებდა. მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. 

მის ექსტრადირებაზე ჩეხეთმა ქართულ მხარეს რამდენჯერმე უთხრა უარი, თუმცა 2017 წლის დასაწყისში მისი დეპორტაცია გადაწყდა.

დღის ამბები