22 ოქტომბერი 2019,   21:45
ვრცლად
ოკუპაციის თემის გააქტიურება და სანქციები რუსეთის მიმართ - "ევროპული საქართველოს" მოთხოვნას "ლელოც" უერთდება 

საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას, რომ საქართველომ კანონმდებლობით გაუწიოს წინააღმდეგობა რუსულ პროპაგანდას, მამუკა ხაზარაძის მოძრაობაც უერთდება. საუბარია "ევროპული საქართველოს" საკანონდებლო აქტზე, რომლითაც პარლამენტი მთავრობას დაავალებს საქართველოს ოკუპაციის თემა საერთაშორისო დონეზე გაააქტიუროს. მოთხოვნა 26 სექტემბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა არ დააკმაყოფილა, საკითხი პლენარულ სხდომაზე უახლოეს პერიოდში გავა.

"ლელოს" შეფასებით, აქამდე არსებული არაღიარების პოლიტიკა ვერ პასუხობს რუსეთის დღევანდელ ქმედებებს და ფაქტობრივ ანექსიას. საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მთავრობის ხელმძღვანელის დონეზე დაგმოს კრემლის ბოლო გადაწყვეტილება აფხაზეთის სამხედრო შეიარაღების დაფინანსების თაობაზე;

დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და კონგრესთან, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შესაძლებლობების თაობაზე; გაააქტიუროს მუშაობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების დაწესების პოტენციური შესაძლებლობების შესახებ;  დაიწყოს მოლაპარაკებების აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოსთვის სპეციალური მოკავშირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

საზოგადოებრივი მოძრაობა მოწოდებას საქართველოს პრეზიდენტის მიმართაც ავრცელებს და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს,  გამოიყენოს გაეროს მაღალი ტრიბუნა და ცალსახად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, წარმოაჩინოს რუსეთის მტრული და აგრესიული, საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით;

ასევე, თავი შეიკავოს რუსეთის დელეგაციასთან ნებისმიერი, არაფრისმომცემი დიალოგისა და ორმხრივი შეხვედრის ფორმატისგან გაეროს ასამბლეის ფარგლებში და მის შემდგომ.

"ლელოს" განცხადებას,  მნიშვნელოვნად აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, აუცილებელია ამ მხრივ ივანიშვილის მთავრობაზე წნეხი გაძლიერდეს:

"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის წნეხი ივანიშვილის მთავრობაზე გაძლიერდეს, რათა ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული და ამ მხრივ რამე მაინც გააკეთოს მთავრობამ მანამ, სანამ იგი ხელისუფლებაშია,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები