22 ოქტომბერი 2019,   21:33
ვრცლად
გატაცება კრიმინალური ავტორიტეტების დაკვეთით - "კურიერმა" რუსთავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია

6 ოქტომბერს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება პოლიციელ დავით მიროტაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მოქმედმა სამართალდამცველმა საკუთარ ჩვენებაში ის სქემა აღწერა, როგორ დაგეგმა სიძესთან, ზურაბ ჯღარკავასთან ერთად დავით მუმლაძის გატაცება. მიუხედავად იმისა, რომ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა წინასწარ იცოდა, რომ მუმლაძე ჯღარკავასთან დაპირისპირებული იყო და სავარაუდოდ, მას ფიზიკურად გაუსწორდებოდა, დის ქმარს დანაშაულის სისრულეში მოსაყვანად დახმარებას მაინც დაჰპირდა. ამის სანაცვლოდ პოლიციელმა თანხა აიღო.

ამ ჩვენების შემდეგ, მოქმედი სამართალდამცველი დააკავეს. პოლიციელის აღიარების მიუხედავად, მისი ადვოკატი მაინც ამტკიცებს, რომ დავით მიროტაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამ დრომდე, დუმილის უფლებას იყენებს.

მკვლელობის შემდეგ გამოძიებამ ჯერ ვერ დაადგინა ზურაბ ჯღარკავას ადგილმდებარეობა. საქმის მასალების მიხედვით, სწორედ ძებნილი ჯღარკავაა ის ვინც მკვლელობა დაუკვეთა. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძებნილს ხელს მისი ოჯახის წევრი პირდაპირ ადებს, ადვოკატი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას ედავებიან გიორგი ასათიანსაც, იმავე გიორგი შონიას, რომლის წინააღმდეგაც ჩვენებებს დანაშაულებრივი სქემის მონაწილეები აძლევენ. ადვოკატის მტკიცებით, აქვთ უტყუარი ალიბი, რომ მკვლელობის დღეს ასათიანი ხაშურში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა, ძებნილი ჯღარკავასა და გიორგი ასათიანის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შეიცვალა სქემა, რომელიც მუმლაძის ლიკვიდაციით დასრულდა. საქმეში დევს კიდევ ერთი დაკავებული პოლიციელის აღიარება, რომ გეგმის მიხედვით, დავით მუმლაძეს მხოლოდ სცემდნენ და ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ.

ამავე საქმეზე დაკავებულია მოკლულის მეგობარი გიორგი გეთაშვილი, რომელსაც სახელი და გვარი ასევე შეცვლილი აქვს. როგორც ადვოკატი ამტკიცებს, ბრალდებულმა იცოდა, რომ საქმეში პოლიციელები ფიგურირებდნენ და ვერ წარმოედგინა თუ ის დანაშაულებრივი სქემის მონაწილე გახდებოდა.

35 წლის ზურაბ დადეშელი, იგივე დავით მუმლაძე, დღეს ისე დაკრძალეს, რომ წამებისა და მკვლელობის რეალური მოტივი არავინ იცის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები