22 ოქტომბერი 2019,   21:41
ვრცლად
რატომ არ ხდება 20 ივნისს დაშავებულთა დაზარალებულად ცნობა - თადუმაძის განმარტებით, გამოძიებას სპეცრაზმელთა აღჭურვილობა ართულებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მოქმედი მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძეს მოსმენის დროს შეკითხვა 20 ივნისის აქციაზე დაშავებულებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზეც დაუსვეს. როგორც ცნობილია, დაზარალებულად მიჩნეულია რამდენიმე ათეული პოლიციელი და აქციის მხოლოდ 4 მონაწილე.

თადუმაძის განცხადებით, პროკურატურას, რომელიც 20 ივნისის აქციაზე პოლიციელების შესაძლო გადაცდომებს იძიებს, გაცილებით რთული საქმე აქვს, რადგან პირების იდენტიფიცირება სპეციალური აღჭურვილობის გამო გართულებულია. როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ის პირები, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდა ბრალდებულადაც არიან ცნობილნი და ვის მიმართაც მათი ქმედება გამოიკვეთა, მათაც მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსები.

"20 ივნისის საქმის გამოძიებაში ჩართულია ერთის მხრივ შსს და მეორეს მხრივ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი შესაძლო გადაცდომების რეაგირებას ახდენს.

ზოგადად სამართლებრივად დაზარალებულების ცნობა არ არის თვლით, რომ აქ ოთხია და იქ 67.  შსს ახორციელებს გამოძიებას იმ ნაწილში, რომელიც თავისი საგამოძიებო ხასიათით გაცილებით მარტივია, ვიდრე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. უამრავი ვიდეომასალა რომელსაც გამოძიება ამუშავებს მათი იდენტიფიცირება გაცილებით სწრაფად ხდება, ვიდრე იმ ადამიანების ვინც სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით იმყოფებოდნენ აღნიშნულ აქციაზე. ის შემთხვევები სადაც მოხდა იდენტიფიცირება ყველა ის პირი ბრალდებულად არის ცნობილი და ყველა ის შემთხვევები სადაც ამ პირების ქმედებების მიერ დაზარალებულები გამოიკვეთა, ყველა ის პირი დაზარალებულადაა ცნობილი,"- განაცხადა თადუმაძემ. მისი თქმით, გამოძიებას მისგან და სხვა კურატორი პირებისგან აქვთ მითითება, რომ როგორც კი მოხდება შესაბამისი სტანდარტი პირის ბრალდებულად ან დაზარალებულად ცნობის, მოხდეს აღნიშნული სტატუსების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

დღის ამბები