22 ოქტომბერი 2019,   21:46
ვრცლად
"ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს დიპლომი გაიცემოდა კანონის თანახმად" - თადუმაძე მესამე სექტორს პასუხობს

შალვა თადუმაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან მესამე სექტორს უპასუხა:

"ქალბატონი ეკა გიგაური, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ჩემი დიპლომის ძებნით, მე მგონია, რომ სახელმწიფოსთვის, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირისთვის და თავად ეკა გიგაურისთვის არ იქნება უმჯობესი, მე დღეს ამ ტრიბუნაზე, ამ ფორმატში რაიმე განცხადება გავაკეთო, მე მესმის ეს დიპლომის ამბავი,"- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მიმდინარე მოსმენისას განაცხადა.

როგორც თადუმაძემ აღნიშნა, 18 წლის განმავლობაში საკუთარი დიპლომი არ დაუმალავს და სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობისას თვითონვე არაერთხელ გამოაქვეყნა.

"ბუნებრივია, მე თავიდანვე მქონდა გაცნობიერებული დიპლომის ამბავი, საკუთარი ნებით გამოვაქვეყნე ეს დიპლომი და არაერთხელ მაქვს ეს დიპლომი გამოქვეყნებული სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობით, მაშ შორის კონკურსში, რომელიც მონიტორინგის კუთხით განვახორციელეთ ჩვენმა არასამათავრობო ორგანიზაციამ, რამდენად ობიექტურად ხდება ადამიანების სამსახურში აყვანა. 18 წლის განმავლობაში მე ჩემი დიპლომი არ დამიმალავს. 

1999 წელს ეს დიპლომი წარდგენილი მაქვს თავდაცვის სამინისტროში, პირად საქმეში არსებობს. მე კონკურსებში ვმონაწილეობდი ამ დიპლომით და სამსახურში მიყვანდნენ, როგორც კვალიფიციურ იურისტს. გვაქვს რაიმე დოკუმენტი, სადაც წერია, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი ან შალვა თადუმაძეს არ შეეძლო იმ დროს ისეთი განათლება მიეღო და ისეთი დიპლომი ჰქონოდა? ესეთი დოკუმენტი არ არსებობს,“- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოთქმული ეჭვების გამო განვლილი 18 წლიანი იურიდიული საქმიანობის უარყოფას არ აპირებს.

"2001 წლიდან აქტიურ იურიდიულ საქმიანობას ვეწევი. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი ხელისუფლებისათვის დამოუკიდებელ იურისტად მისაღები არ ვიყავი. 2006 წლიდან აქტიურ საადვოკატო საქმიანობას ვეწევი, ამ დიპლომით წარვდექი ადვოკატთა ასოციაციაში, ჩავაბარე გამოცდები და მივიღე ადვოკატის საქმიანობის ლიცენზია და ახლა იმიტომ, რომ რამდენიმე ან არაკვალიფიციური ან არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ასოციაცია ეჭვს გამოთქვამს ჩემს დიპლომზე, ამიტომ მე უარი უნდა ვთქვა ჩემს 18 წლიან მუშაობაზე?! მე აღარ ვიხსენებ რა მუშაობა და რა პირობები მაქვს გადატანილი იმ პერიოდის განმავლობაში. ეს დიპლომი არის ნამდვილი. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს დიპლომი გაიცემოდა კანონის თანახმად, მე ეს დიპლომი მივიღე და ამ დიპლომით მე ჩემი კარიერა შევქმენი," - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

დღის ამბები