22 ნოემბერი 2019,   01:22
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს პარლამენტში უკვე 8 საათია უსმენენ

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ზაზა თავაძეს 8 საათია უსმენენ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს შეკითხვები უკვე დაუსვეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრებმა. დიპლომისა და განათლების საკითხი დღესაც აქტუალური იყო. ზაზა თავაძესთან ეს კითხვა სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც ჰქონდა. გიორგი ბურჯანაძე დაინტერესდა, აქვს თუ არა მოსამართლეობის კანდიდატს სამართლის მაგისტრის ხარისხი.

"დღევანდელი მოცემულობით, თქვენ თვლით თუ არა რომ ფლობთ სამართლის მაგისტრის ხარისხს, დადებითი და ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მაინტერესებს, აღიარების თვალსაზრისით  თუნდაც, დღევანდელი სტატუს კვოს აღიარების თვალსაზრისით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებისთვის თუ მიგიმართავთ,"– მიმართა გიორგი ბურჯანაძემ ზაზა თავაძეს. 

ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ მისი დოკუმენტი სრულიად ლეგიტიმურია. 

"მე როგორც დოქტორანტმა, მივმართე განათლების ხარისხის მართვის ცენტრს 2017 წელს, საიდანაც მივიღე ჩემთვის ამომწურავი და დამაკმაყოფილებელი პასუხი, რომ თქვენ რადგან 2006 წლამდე დაასრულეთ უმაღლესი სასწავლებელი, გეძლევათ დოქტურანტურაში სწავლის საშუალება. შესაბამისად, მე ეს ლეგიტიმური დოკუმენტი წავიღე შესაბამის სასწავლებელში, სადაც ჩავაბარე გამოცდები, ეს იყო 2017 წელი და შესაბამისი დოკუმენტები წარმოდგენილია ჩემს საქმეში," - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ზაზა თავაძეს კითხვით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ. მშვენიერაძეს აინტერესებს, რატომ არ დატოვა მოსამართლეობის კანდიდატმა წინასწარ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტი.

"რეალურად 2 ალტერნატივაა დღეს თქვენი მდგომარეობიდან: ან ხდებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ან ტოვებთ საკონსტიტუციო სასამართლოს. იმიტომ ტოვებთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას და მოსამართლეობას, რომ ხდებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ან მაინც ტოვებთ ამ თანამდებობას. ახლა რატომ არ დატოვეთ წინასწარ და რატომ არ მოხვედით ჩვენთან როგორც რიგითი მოქალაქე ზაზა თავაძე თუ კი ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ?" - მშვენიერაძე

თავაძე ამბობს, რომ ამ წუთებში ის შვებულებაში იმყოფება და სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეჩერებული აქვს.  

"მე ამ წუთში ახლა ვიმყოფები შვებულებაში, შეჩერებული მაქვს სამსახურეობრივი უფლებამოსილება. თუ რატომ არ გადავდექი, ვიფიქრე მაგაზე, რომ გადავმდგარიყავი თუ არა, მაგრამ ჩემი გადადგომა აი როგორც ვთქვათ ზოგიერთმა ჩემთვის პატივსაცემმა დეპუტატმა თქვა ეს ხომ არ არის ულტიმატუმი, მე მგონი ულტიმატუმს უფრო გავაძლიერებდი და შესაბამისად 76 ხმა არ მჭირდება მე რომ გავხდე უზენაესი მოსამართლე და აქედან გამომდინარე ცოტა რაციონალური მომენტიც იყო," -  განაცხადა ზაზა თავაძემ. 

პარლამენტში მოსმენის დროს, კითხვა დასვა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

"იყო თუ არა თქვენს სამსახურეობრივ პრაქტიკაში, თქვეს მიერვე მიღებული ისეთ გადაწყვეტილება, რომელიც ფორმალურად შეიძლება კანონიერი იყო იმ დროს, თუმცა დღევანდელი გადასახედით, გული გეთანაღრებათ და დღეს რომ იყოთ ამ გადაწყვეტილების მიმღები, განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ," - მიმართა მათიკავშვილმა ზაზა თავაძეს, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეობის პერიოდში მსგავსი შემთხვევა არ ახსენდება, თუმცა ამბობს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის დროს, მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დღეს სხვაგვარად, ახლებურად შეხედავდა.   

დღის ამბები